იაგო ხვიჩია: ახლა შეიძლება სხვა აქვეყნებს, რომელიც ცუდი ადამიანია, მაგრამ არც შეედრება მას, ვინც ვიღაცის საძინებელში შევიდა, კამერა დააყენა და აშანტაჟებს

„არ მიყვარს მტკიცებულებების გარეშე საუბარი. ჩვენ ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მასალებია, როდის არის გადაღებული, ატვირთული, ვიღაცის მიერ გამოტანილი. აქ თუ ვინმეს ბრალეულობა არის, უნდა დაისაჯოს, არამხოლოდ თანამდებობიდან გადადგეს. თუ ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? – მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ გადადგომა რა შუაშია? ამიტომ ჯერ ჩვენ ეს ეტაპი გვაქვს გასარკვევი და შემდეგ უნდა გავარკვიოთ, ვინ უნდა გადადგეს და ვინ უნდა დავიჭიროთ.”

ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა ამის გამო „ორივე შერცხვენილია და ერთმანეთს აბრალებენ, ვინ უფრო სამარცხვინოა და ვინ მეტი დააშავა ეკლესიასთან“.

“როგორც წინა ხელისუფლება მპასუხობს დაბნეულად უაზრობებს, როცა მათ ვეკითხები თავის დროზე მათ მიერ გადაღებულ კადრებზე, ზუსტად ასევე იქცევა ეს ხელისუფლება, როცა საქმე ეხება მათ მიერ გადაღებულ კადრებს. მე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ ოპოზიციის რომელიმე წევრი რამის გაკეთებას აპირებდეს, მაგრამ მთავარი არასოდეს დაგვავიწყდეს – ეს არის ის, ვინც გადაიღო, ვინც გასცა ამაზე კურთხევა და არასოდეს უნდა აგვერიოს ისინი გამომქვეყნებლებში. გამომქვეყნებლებიც დამნაშავეები არიან, მაგრამ უპირველესი დამნაშავეა გადამღები, მან ეს გადაიღო იმისთვის, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინა, ან გამოექვეყნებინა, ახლა შეიძლება სხვა აქვეყნებს, რომელიც ცუდი ადამიანია, მაგრამ არც კი შეედრება მას, ვინც ვიღაცის საძინებელში შევიდა, კამერა დააყენა და აშანტაჟებს,“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კომენტარები
იტვირთება...