იაგო კაჭკაჭიშვილი: თუ “ოცნებამ” აიღო 40.5% მთავრობას დააკომპლექტებს – უმრავლესობისთვის მაჟორიტარების 28 მანდატიც სჭირდება

თუ “ოცნებამ” აიღო 40.5% მთავრობას დააკომპლექტებს – უმრავლესობისთვის მაჟორიტარების 28 მანდატიც სჭირდება, – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“გამარჯვებას ამ არჩევნებში თავისი ფასი აქვს, მოსალოდნელია, ძალიან ძვირი ფასიც. დავიწყოთ საკანონმდებლო მოცემულობით: პროპორციულ არჩევნებში 40.5%-იან პარტიას აქვს უფლება, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. სხვადასხვა კვლევით, 40.5%-იანი შედეგის მიღწევა მხოლოდ ქართულ ოცნებას შეუძლია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უმრავლესობის მოპოვებას. 40.5%-იანი შედეგი, პროპორციული სიით, 48 ადგილს უზრუნველყოფს პარლამენტში; მაშასადამე, უმრავლესობის (76 მანდატი) მისაღებად ქართულ ოცნებას + 28 მანდატი სჭირდება მაჟორიტარების ხარჯზე, რომლის მოპოვება მას ნამდვილად არ შეუძლია. არადა, უმრავლეობის გარეშე მთავრობა ვერ დამტკიცდება.
ანუ, 40.5%-ის მოპოვება ჯერ კიდევ არ არის გამარჯვება (ან, ფსევდო გამარჯვებაა).
ახლა დავუშვათ, რომ ოცნებამ აიღო 45% (რისი შანსიც არსებობს). ეს ნიშნავს პროპორციულ არჩევნებში 54 მანდატს. უმრავლესობის მოსაპოვებლად ოცნებას მაჟორიტარების 21 მანდატი სჭირდება, რაც სრულიად რეალისტურია. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია: უბრალო უმრავლესობის ხელში ოცნების ხელისუფლება ხდება მყიფე და ის მუდმივად იდგება უმრავლესობის დაკარგვის საფრთხის წინაშე.
რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ ოცნება 40.5%-ზე ნაკლებს აიღებს (რაც, ასევე, კვლევების მიხედვით, გამორიცხული არ არის), აქ უკვე კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობა დგება, ანუ ხელისუფლებაში დარჩენის ან მოსვლის პერსპექტივაში ჩაერთვებიან პარლამენტში მოხვედრილი სხვა პოლიტიკური პარტიები, რაც, ცხადია, რომელიმე ერთი პარტიის გამარჯვებას არ ნიშნავს; თუმცა, ნიშნავს ქართული ოცნების ერთპიროვნული ხელისუფლების დასრულებას.
ძალთა გადანაწილების ნებისმიერი ზემოაღწერილი დიზაინის შემთხვევაში, ის, რაც დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ისაა, რომ მომავალი პარლამენტი აღარ იქნება შავ-თეთი, ის იქნება მრავალფეროვანი და მასში თავს მოიყრის მოქმედი პოლიტიკოსების უმრავლესობა.
ხოლო, მრავალფეროვანი პარლამენტი რომ უკეთეს დემოკრატიას ნიშნავს, ეს ყველამ ვიცით და ვნახეთ”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად