იაგო კაჭკაჭიშვილი Survation-ის კვლევა-ზე: პროფესიული ეთიკის სტანდარტებით, “ოცნებას” 30.3% ექნებოდა, “ნაცმოძრაობას” – 12.1%

დიდი ალბათობით, პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვით, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები ზემოაღნიშნულ (Survation-ის კვლევაში) “ქართული ოცნებას” – 30.3% ექნებოდა, “ნაციონალური მოძრაობა” – 12.1% , – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში წერს:

კომპანია „Survation”-მა, რუსთავი 2-ის დაკვეთით, ამომრჩევლების გამოკითხვა ჩაატარა საქართველოში. გამოკითხულია 1210 ადამიანი. შედეგები ასეთია:
“ქართული ოცნება” – 55%
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 22 %
“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 5%
“ლელო” – 4%
“ევროპული საქართველო” – 4%
“პატრიოტთა ალიანსი” – 3%
“გირჩი” – 2%
“ლეიბორისტული პარტია” -2%
სხვა პარტიები – 3%.
ოდნავ დაკვირვებულ მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა: სად არის პასუხები: „ჯერ არ გადამიწყვეტია“, „უარი პასუხზე“, „არცერთს არ ვაძლევ ხმას“? ასეთი პასუხების ჯამი, მთლიანობაში, პრაქტიკულად ყველა კვლევაში, რომლებიც აქამდე ჩატარებულა, მინიმუმ 35%-ია. მაშ, როგორ მოიქცა „Survation”? მან რესპონდენტთა ეს რაოდენობა (სავარაუდოდ, მინიმუმ 35%) „გადაყარა“, ან, უფრო სოციოლოგიურად რომ ვთქვათ, ისინი იმავე პროპორციით გადაანაწილა, როგორც არჩევანის დამსახელებული რესპონდენტები გადანაწილდნენ.
ეს მანიპულაციაა – გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი. კვლევები აჩვენებს, რომ არჩევანის არდამსახელებელთა რაოდენობა: ა) ძირითადად ოპოზიციურია; ბ) ობიექტურად, არჩევნებამდე 10 დღით ადრეც, შეიძლება არსებობდეს ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. ამდენად, ასეთი ადამინების ხელოვნურად მიწერა რომელიმე პარტიისადმი პროფესიული ეთიკის დარღვევაა.
ამასთან, გამოკითხული 1210 ადამიანიდან ყველა ხომ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას? მინიმუმ 10% ხომ მაინც იტყოდა, რომ არ მივა არჩევნებზე? მაშასადამე, რეიტინგები დათვლილია არა 1210 რესპონდენტზე, არამედ, ყველაზე დიდი, 670 ადამიანზე (1210-ს მინუს 35% და მინუს 10%).
ახლა ვნახოთ, როგორი იქნებოდა, დიდი ალბათობით, პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვით, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები ზემოაღნიშნულ გამოკითხვაში:
“ქართული ოცნება” – 30.3%
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 12.1%
“გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი” – 2.8%
“ლელო” – 2.2%
“ევროპული საქართველო” – 2.2%
“პატრიოტთა ალიანსი” – 1.7%
“გირჩი” – 1.1%
“ლეიბორისტული პარტია” – 1.1%
სხვა პარტიები- 1.7%
ჯერ არ გადამიწყვეტია/უარი პასუხზე/არცერთს – 35.0%
არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას – 10%
არგუმენტი იმის შესახებ, რომ მკვლევრებმა გამოიყენეს ე.წ. „ალოკაციის“ მეთოდი (ანუ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პოლიტიკური არჩევანი სხვა ცვლადების მოშველიებით გამოიცნეს), ამ შემთხვევაში, უსუსურია. ალოკაცია არ გულისხმობს პროპორციების მექანიკურ გადანაწილებას გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე.
აქ არ ვეხები პროფესიული ეთიკის სხვა სტანდარტებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ იმაზე მივუთითებ, როგორ უნდა მოხდეს საჯარო სივრცეში კვლევითი კომპანიის მიერ გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია, მინიმალური სტანდარტების დაცვით.
პროფესიული ასოციაცია, რომელიც სულ მალე ამოქმედდება, ასეც დაუსაბუთებელ მანიპულაციას მასშტაბურად ამხელს”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად