იაგო კაჭკაჭიშვილი ოპოზიციაზე: აი აქ იწყება განხეთქილება და – ბუნდოვანებაც!

უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში არჩევნების მოდიფიცირებული შედეგებით, რაც შეიძლება დადგეს ოქმების გასაჩივრების საფუძველზე? აი, აქ იწყება განხეთქილება და – ბუნდოვანებაც! – ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში წერს:

“პარლამენტში პოლიტიკური ოპოზიციის შესვლა რომ სასურველია, ამაზე ყველა თანხმდება ოპოზიციაში.
უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში იმ შედეგით, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა? (პირველ რიგში, პროპორციულად მიღებულ ხმებს ვგულისხობ, მაჟორიტარულიდან მიღებული ხმები, ჯერჯერობით, ბოლომდე გარკვეული არ არის).
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის აქაც საყოველთაო თანხმობაა – არშესვლა.
უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში არჩევნების მოდიფიცირებული შედეგებით, რაც შეიძლება დადგეს ოქმების გასაჩივრების საფუძველზე?
აი, აქ იწყება განხეთქილება და – ბუნდოვანებაც!
ოპოზიციის ერთი ნაწილის (ძირითადად, ნაცმოძრაობის) ირიბი რიტორიკიდან იკვეთება, რომ თუ ქართულ ოცნებას მთავრობის ფორმირებისა და უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა დარჩება, პარლამენტში შესვლა არ ღირს, ბოიკოტი უნდა შენარჩუნდეს.
მაგრამ აქვს კი ობიექტური საფუძველი ამის მტკიცებას?
ყველა მეტ-ნაკლებად ობიექტური კვლევა, რაც კი არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ჩატარდა, აჩვენებს, რომ ქართული ოცნების რეიტინგს შეეძლო 41%-თვის მიეღწია (ამას აჩვენებს თუნდაც იფსოსის ეგზიტპოლი). ეს ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას აქვს უფლება ერთპიროვნულად ჩამოაყალიბოს მთავრობა და 25-26 მაჟორიტარის გაყვანის შემთხვევაში – უმრავლესობაც მოიპოვოს (მყიფე, მაგრამ მაინც).
ამდენად, პროტესტი, რომლის ინტენცია ისაა, რომ ქართულ ოცნებას მთავრობის ჩამოყალიბების შანსი წაართვას, დაუსაბუთებელია და, ვეჭვობ, მან წარმატება მოიტანოს.
აქედან გამომდინარე, რაციონალურია ბრძოლა იმისთვის, რომ, საარჩევნო ხარვეზების აღმოფხვრის შედეგად, ქართულ ოცნებას შეუმცირდეს წილი (თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ვერ ჩამოცდება 40%-ს) და, შესაბამისად, ოპოზიციას გაეზარდოს.
ბოიკოტის მიზანი თუ ამის მიღწევაა, მაშინ ის, როგორც ზეწოლის დროებითი ინსტრუმენტი, გამართლებულია”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად