იაგო კაჭკაჭიშვილი გიორგი გახარიაზე: ხელისუფლების წიაღში, ის მაინც მარტოხელა მონადირის იმიჯით სარგებლობდა

„გააჩნია, რომ დაბრუნდება, შეინარჩუნებს თუ არა თვითმყოფადობას და ჩამოყალიბდება თუ არა, როგორც ხელისუფლების, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად”

ამის შესახებ სოციოლოგმა, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა, რითაც IRI-ის კვლევის შედეგებს და ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას რეიტინგს გამოეხმაურა.

მისი აზრით, გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგის მიზეზი გახარიას მიერ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა. მისივე თქმით, ის ბოლომდე არ შეერწყა „ქართულ ოცნებას“.

„თუნდაც, ხელისუფლების წიაღში, ის მაინც მარტოხელა მონადირის იმიჯით სარგებლობდა. ასე ჩანს. მის რეიტინგში პარტიის რაღაც წილი რასაკვირველია, არის, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ მას პარტიაში ნამდვილად ჰქონდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დამატებითი ღირებულება, რაც მისი პიროვნული წვლილის დამსახურებაა“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას შეუძლია, მაღალი რეიტინგი შეინარჩუნოს, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება დაბრუნების შემდეგ მისი პოლიტიკური პოზიციონირება საზოგადოებაში.

„გააჩნია, რომ დაბრუნდება, შეინარჩუნებს თუ არა თვითმყოფადობას და ჩამოყალიბდება თუ არა, როგორც ხელისუფლების, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად. ამ შემთხვევაში მას შეუძლია, მაღალი რეიტინგი შეინარჩუნოს, ხოლო თუ ეს დამოუკიდებლობა ილუზორული და მოჩვენებითია, ცხადია, მისი რეიტინგი დაიწევს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.

კერძოდ, კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89% -მა დაასახელა პატრიარქი, 65% -მა გიორგი გახარია, 54% -მა კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...