იაგო კაჭკაჭიშვილი: ჩვენს საზოგადოებაში ნარკოტიკების ცივილური გამოყენების გამოცდილება უნდა შეიქმნას

"ადრე თუ გვიან, ჩვენს საზოგადოებაში უნდა შეიქმნას ნარკოტიკების (მსუბუქი) ცივილური გამოყენების გამოცდილება (რაც უკვე არსებობს განვითარებულ ევროპაში), რაც ნამდვილად წარმოადგენს დრაკონული ნარკოპოლიტიკის ღირსეულ ალტერნატივას",- ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"საინტერესოა, რა განაპირობებს ნარკოტიკების გამოყენების დეკრიმინალიზაციის ჰუმანური მოთხოვნის მიუღებლობას? ევროპის ზოგიერთ ქვეყანას დღემდე აქვს ალკოჰოლიზმის მწვავე პრობლემა. კარგად მახსოვს, როგორ იყო გვიან საღამოს ტალინის და ჰელსინკის ქუჩები მოფენილი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის ცარიელი ბოთლებით, როგორ ამოდიოდნენ ავტობუსებში, დილის საათებში, მოზარდები (გოგონების ჩათვლით) ხელში ღვინის გახსნილი ბოთლებით და სვავდნენ. არ ვიცი, დღეს როგორაა, მაგრამ 2000–იანი წლების დასაწყისში ალკოჰოლიზმი #1 სოციალური პრობლემა იყო, მაგალითად, ესტონეთისთვის. ჩემი ესტონელი კოლეგები წუხდნენ, რომ ესტონურმა საზოგადოებამ ვერ გამოიმუშავა ალკოჰოლის დაბალანსებული მოხმარების კულტურა.

საქართველოში ალკოჰოლიზმი არ წარმოადგენს მწვავე სოციალურ პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა ოჯახი ინახავს ღვინისა და ჭაჭის გარკვეულ რაოდენობას. ჩვენმა ერმა, საუკუნეების განმავლობაში, შეიძინა ალკოჰოლის რაციონალური მოხმარების კულტურა და უნარ–ჩვევები (მაგალითად, ქართველებში არაპოპულარულია მარტო, კამპანიის გარეშე, დალევა, რაც ლოთობის უპირველესი ინდიკატორია).

ჰოდა, როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ნარკოტიკების მოხმარების მიმართ ბევრწილად ირაციონალური შიში; შიში იმისა, რომ თუ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას მოვახდენთ, ამით ჩვენი მოქალაქეები (განსაკუთრებით, ახალგაზრდები) ნარკოტიკების უკონტროლო და მასობრივ მოხმარებას დაიწყებენ და თუ ახლა ასე ჯერ კიდევ არ ხდება, ეს მკაცრი და არატოლერანტული ნარკოპოლიტიკის "დამსახურებაა".

არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია ეს შიში. თუმცა, ის კი ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენს საზოგადოებაში უნდა შეიქმნას ნარკოტიკების (მსუბუქი) ცივილური გამოყენების გამოცდილება (რაც უკვე არსებობს განვითარებულ ევროპაში), რაც ნამდვილად წარმოადგენს დრაკონული ნარკოპოლიტიკის ღირსეულ ალტერნატივას",- წერს კაჭკაჭიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ნოემბერს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. გივი შანიძის საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...