ია მამალაძე: გამოვრიცხავ, ჩემი ძმის ოჯახს პოლიციის დახმარების გარეშე დასხმოდნენ თავს

ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარის ზაალ მამალიძის ოჯახს, 27 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე სამი სამედიცინო ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იარაღი თავში ჩაარტყეს, სახლიდან კი ოქროს ნივთი, 500 ლარი და ზაალ მამალაძის კუთვნილი ავტომანქანა წაიყვანეს. მათ  სამტრედიამდე ისე იმგზავრეს, რომ საპატრულო პოლიციას არ გაუჩერებია. – ამის შესახებ "აიპრესთან" "გურია ნიუსის" დამფუძნებელი, ზაალ მამალაძის და, ია მამალაძე აცხადებს.

"ნინო სტომატოლოგია (ზაალ მამალაძის მეუღლე. ავტ) და პაციენტს ელოდებოდა. ამიტომ, დაძახება არ გაჰკვირვებია. ისინი სამედიცნო ნიღბებით იყვნენ, იკითხეს ზაალი სად არისო. ნინომ იფიქრა, ალბათ ზაალის ძველი პაციენტები არიანო. უთხრა, ზაალის სძინავს, მობრძანდით, მე მოგხედავთო.

სახლში შემოვიდნენ და ნინოს იარაღი დაადეს, რა დროსაც იყვირა. ზაალმა იფიქრა დედა იყო ცუდად და კიბეებზე ჩამოირბინა. სამი თავდამსხმელი იყო იარაღით“, – ამბობს ია მამალაძე.  

მედია სახლ "გურია ნიუსის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მისმა ძმამ ერთ-ერთი თავდამსხმელისთვის სახეში დარტყმა მოასწრო, რომელიც წაიქცა. რა დროსაც თავდამსხმელთან დასახმარებლად თანამზრახველები მივიდნენ.

„ერთს თითი აქვს დაზიანებული. ნინოს იარაღი დაადეს. ზაალს შეეშინდა, ნინო არ მოეკლათ. თუ პოლიცია მოძებნის, სამიდან ორს სერიოზული დაზიანებები აქვს. 

დედაჩემი 5 წელია ინსულტიანია და ჩაწოლილია. ნინოს ყურზე საყურეები ეკეთა და ის არ წაუღიათ. მაგიდაზე კომუნალური გადასახადების ფული იდო, 200 ლარი, არც ის წაუღიათ. შიგადაშიგ რაღაც გარკვეულ ფრაზებს ამბობდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს არ იყო ყაჩაღობა. გურიაში ყველამ იცის, რომ ზაალ მამალაძეს არც ოქრო აქვს და არც ფული“, – აცხადებს მამალაძე. 

"გურია ნიუსის" ხელმძღვანელის ამბობს, რომ ამ საქმეში ბევრი საეჭვო გარემოებებია. მისივე თქმით, როცა საყაჩაღოდ მიდიან ცდილობენ სახლში არავინ იყოს. 

„იცოდნენ როდის მთავრდებოდა პოლიციის რეიდი. საღამოს 6 საათზე მოიხსნა სახლთან ახლოს პოლიცია. ჩვენ გვაქვს ფირები, რომელშიც ჩანს, როგორ დგას ცენტრში პატრულის მანქანა, როგორ გამოვიდა ზაალის მანქანა შესახვევიდან, წესრიგიც არ დაარღვიეს, ჩოხატაურს წრე დაარტყეს, არც შეშინებიათ იმის, რომ ვინმე გააჩერებდა, ისე მშვიდად ჩავიდნენ სამტრედიამდე. სამი უცხო ადამიანი ზის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანაში… პოლიციის მუშაობა არაადეკვატურია“, – აღნიშნავს "გურია ნიუსი" ხელმძღვანელი.

ია მამალაძე ფიქრობს, რომ ეს იყო ანგარიშსწორება. „ჩვენ ვცდილობთ ამოვიღოთ სამხილები და დავათვალიეროთ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთლიანი ოჯახის ფაქტორი იყოს, ჩემი ჩათვლით. ეს არის ანგარიშსწორება საზოგადოებასთან. ყველას დაანახეს, რომ შეუძლიათ საკრებულოს თავმჯდომარეს შეეხონ იმის გამო, რომ საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს.

ზაალი კოალიციის პირველი ნომერი იყო და პრაქტიკულად "ქართული ოცნება" მან გაიყვანა. ასევე, მედიასაშუალების გამომცემლის ოჯახია, ანუ სახელმწიფო ნულია. 

სამხარეო პოლიციის ახალი უფროსია, რომლის წინააღმდეგაც გარკვეული "მოძრაობები" შეინიშნება, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია. რასაც დავადასტურებთ კიდეც, ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს. 

განსაკუთრებით ის ხალხია საინტერესო ვისაც უნდა ამ საქმეს ყაჩაღობის კვალიფიკაცია მიეცეს. ყველამ იცის, რომ ზაალს ფული არ აქვს. ერთადერთია ადამიანია, რომელსაც ვერავინ ვერაფერში ვერ სვრის და დაგვანახეს, რომ შეუძლიათ საზოგადოებას მიაფურთხონ. ამიტომ, თუ კი არსებობს სახელმწიფო, პირველი პირები, მინისტრები, პარტიული ბოსები, რომლებსაც მარტო არჩევნების მოგება უნდათ, მე ვფიქრობ, რომ ახლა აქ უნდა იყვნენ“. 

ია მამალაძის აზრით,  მისი ძმის ოჯახზე თავდასხმისთვის შესაძლოა ფულიც კი იყოს გადახდილი.

„ჩემი ოჯახის წევრია და ესეც იყო ერთერთი ნიშანი, რის გამოც ზალიკოსთან მივიდნენ. სახელიც არ იცოდნენ კარგად. იცოდნენ, რომ ამ ადამიანთან უნდა მისულიყვნენ და ფიზიკურად გასწორებოდნენ.

წაიყვანეს ავტომანქანა, კიბის შესაკეთებლად მოგროვებული ფული 500 ლარი, ქორწინების ბეჭედი, ვერცხლის სამკაულები და ბიჟუტერია წაიღეს. 20 წელია ამ ოჯახში ოქროს ნივთი არ შეძენილა. შესაძლებელია, ჩემი ძმის ოჯახზე თავდასხმისთვის ფულიც კი იყოს გადახდილი. 

ავტომანქანა იპოვეს. ადგილობრივი უკმაყოფილო ჯგუფებიდან სამტრედიაში ბევრს აქვს კავშირები. აუცილებლად გავარკვევთ პოლიციის კავშირებს, ვის რა კავშირები აქვს ამ საქმესთან. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ პოლიციის გარკვეული ჯგუფების დახმარების გარეშე ზაალ მამალაძის ოჯახზე თავდასხმა მომხდარიყო. მათ ან პოლიციელი ეჯდათ მანქანაში, ან გარანტია ჰქონდათ…“- განაცხადა ია მამალაძემ. 

შსს-ში "აიპრესს" განუცხადეს, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ზაალ მამალაძის ავტომანქანა სამტრედიაში იპოვეს. მიმდინარეობს ძიება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია", – გვითხრეს შსს-ში.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად