ჰონგ-კონგში, საპროტესტო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

ჰონგ-კონგში, ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს, ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

ადგილობრივი გამოცემა “Apple Daily” – ის ცნობით, 15 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მამაკაცი კონსტრუქციაზე ავიდა და ბანერი გაშალა. მან ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მთავარი მდივნის, კერი ლამის გადადგომა მოითხოვა.
თუმცა, ის ჩამოვარდა და საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
ზაფხულის დასაწყისიდან ჰონგ-კონგში დემონსტრაციები ტარდება. ორგანიზატორთა განცხადებით, 9 ივნისს საპროტესტო აქციაში დაახლოებით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პოლიციის ცნობით, აქციას 240 000 ადამიანი ესწრებოდა. აქტივისტები ექსტრადიციის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებიან.
კანონპროექტის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ინიციატივა გავლენას მოახდენს აქტივისტებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძვიან და რომელთა საქმიანობითაც პეკინი კმაყოფილი არ არის. მხარდამჭერთა განცხადებით, ეს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს შეუწყობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...