ჰოჯესი: ვისურვებდი თბილისმა აშშ-ს ამერიკული დანაყოფების საქართველოში განლაგების თხოვნით მიმართოს

ევროპაში აშშ-ის ჯარის ყოფილი მთავარსარდალი, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ქვეყანაში ამერიკის ჯარის ზოგიერთი დანაყოფის განთავსების თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა.

თქვენ საქართველოს კარგად იცნობთ, ბევრჯერ ხართ ქვეყანაში ნამყოფი. როცა საქართველოს აფასებთ, ფიქრობთ თუ არა, რომ ის ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა?

ვფიქრობ, ხალხი მზადაა. ვფიქრობ მოსახლეობამ, საქართველოს ახალგაზრდებმა იციან, რომ მათი კეთილდღეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობები არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ მთლიანად დასავლეთთან, ევროპულ ქვეყნებთან უფრო ახლო ინტეგრაციაა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ მთავრობასთან დაკავშირებით. ისინი ამ ყველაფერს ამბობენ, მაგრამ…

შეიძლება სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ ჩემთვის ანაკლიის პორტი წყალგამყოფია. ამ პორტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური კეთილდღეობის და პოტენციალის მოტანა შეუძლია. ის ნამდვილად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი გახდეს. მაგრამ ამის მისაღწევად ქვეყანას ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს და ეს ღრმაწყლოვანი პორტი ამ ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოში ბევრისგან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრისგანაც, გამიგია, რომ ეს ქვეყნის პრიორიტეტია. პორტი პრიორიტეტი რომ იყოს, იქ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იქნებოდა, რაც არ ხდება. ახლა კი რეგიონში მდგომარეობა შეიცვალა. აზერბაიჯანი საქართველოს კარგი მეზობელია. მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა აზიასა და ევროპას შორის დერეფნად იქცეს, საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ახლო თანამშრომლობა დასჭირდება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში დასავლეთი გვერდზე იდგა და ახლა რუსეთს სამხედრო ძალები კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს განლაგებული – საქართველოში, სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანში, კერძოდ კი მთიან ყარაბაღში. ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის.

თქვენი აზრით, ამას საქართველოს უსაფრთხოებაზე გავლენა ექნება?

საქართველოს შეუძლია ალტერნატივა შესთავაზოს ამერიკას. თუ საქართველოს მიაჩნია, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მას შეუძლია ამერიკისთვის მიმზიდველი გახდეს. ამაზე საუბრის დაწყება შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის გაფართოებითაც. საქართველოს ასევე შეუძლია უფრო მიმზიდველი გახდეს ამერიკის საზღვაო ძალებისთვისაც, როცა შავ ზღვაში ამერიკული გემები შედის და მათ პროფილაქტიკა სჭირდება.

პირველ რიგში, ვფიქრობ საქართველო ზეწოლის ქვეშაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მესმის რატომ დართო საქართველომ რუსეთს ნება, მშვიდობისმყოფელები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში გადაეფრინა და ეს მაშინ, როცა 10 ათასი რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს. მე, ცხადია, ამ გადაწყვეტილების სრული კონტექსტი არ ვიცი. მაგრამ ადამიანს გიჩნდება კითხვა – საქართველო ნამდვილად ასე დაუცველად გრძნობს თავს თუ მთავრობა კრემლის გავლენის ქვეშაა ისე, რომ თავს ვალდებულად გრძნობდა, რომ ეს გაეკეთებინა.

სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატები მიიწვიოს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრის გასაკეთებლად, რაღაც ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, შეიძლება ამაში როტაციული წესით სამხედრო ძალის განთავსებაც შედიოდეს. არ არის აუცილებელი ამ ძალას მუქარის ხასიათი ჰქონდეს. შეიძლება ის იყოს სამედიცინო, ტელესაკომუნიკაციო ან სხვა სახის ლოგისტიკური ყოფნა. ყველაზე კარგი იქნება სახმელეთო და საჰაერო ძალების ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში, მაგალითად, წვრთნებს ჩაატარებენ. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მზადაა თუ არა კრემლისგან წამოსულ ზეწოლას გაუძლოს, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება.

ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თქვენი აზრით, ეს შესაძლებელი იქნება? საქართველოს მთავრობამ, არაერთხელ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია მარტივი ფაქტის გამო, რომ შეერთებულ შტატებში არავინ საუბრობს საქართველოში ამერიკული ძალების განლაგებაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალი ადმინისტრაციის მმართველობის დროს ამაზე საუბარი დაიწყება?

ნამდვილად ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ამაზე საუბარი პირველივე წელს დაიწყოს. მაგრამ ცუდი იდეა არაა საუბრის დაწყება საკუთარი სურვილის დემონსტრირების მიზნით. მაგალითად, საქართველოს შეუძლია მიმართოს შეერთებული შტატების ტრანსპორტის სარდლობას და უთხრას, რომ თბილისთან ახლოს დიდი საჰაერო ბაზა აქვს და ეს ბაზა შესთავაზოს იმისთვის, რომ ამერიკული თვითმფრინავების საწვავით გამართვა იქ მოხდეს, ან შუალედური ადგილი იყოს შეერთებული შტატებისთვის, როცა თვითმფრინავები ევრაზიის რეგიონში გადაადგილდებიან. საქართველოს შეუძლია ალტერნატივა შესთავაზოს ამერიკას. თუ საქართველოს მიაჩნია, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მას შეუძლია ამერიკისთვის მიმზიდველი გახდეს. ამაზე საუბრის დაწყება შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის გაფართოებითაც. საქართველოს ასევე შეუძლია უფრო მიმზიდველი გახდეს ამერიკის საზღვაო ძალებისთვისაც, როცა შავ ზღვაში ამერიკული გემები შედის და მათ პროფილაქტიკა სჭირდება. საქართველოს შეუძლია ეს უზრუნველყოს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს აფიქრებინოს, რომ საქართველოსთან ასეთი კავშირი მისთვის ხელსაყრელია, რადგან საწვავი ეზოგება, გემებს კარგ პროფილაქტიკურ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ, გასაჩერებლად კარგი ადგილია და ასე შემდეგ. ამერიკის მხრიდან კი ამ ნაბიჯით იმის დემონსტრირება მოხდება, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად