ჰოჯესი: ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს, მიზანი საქართველოს მოქალაქეების დაცვაა

ამის შესახებ ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, გადამდგარმა სამ ვარსკვლავიანმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, ის მიიჩნევს, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს: “მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის — აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის — ოკუპაციას აგრძელებს”. 

მანვე ისაუბრა ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საქართველოს მეტ ჩართულობაზე.

“მეორე საკითხი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც შავ ზღვაზე ანაკლიის პორტის აშენებას უკავშირდება. ეს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს და რომელშიც ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად სხვა ქვეყნებიც არის ჩართული. ანაკლიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ევროპისა და ევრაზიისთვის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. ვფიქრობ, ანაკლიის ამუშავების შემდეგ შეერთებული შტატები და სხვა მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რადგან იქ ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველო უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება სერიოზული ბიზნესებისთვის და პოლიტიკური ლიდერებისთვის. ეს არის კიდევ მიზეზი იმისა, თუ რა დადებითი მხარეები ექნება ალიანსისთვის სტაბილურ და უსაფრთხო საქართველოს.

მესამე საკითხი, კი საქართველოს მეტი ჩართულობაა. მე მჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არ ვიცი როდის, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე ამის მტკიცედ მჯერა. სანამ ეს დღე დადგება, უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში. ალიანსი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ მიმართულებით. ცხადია, გვჭირდება შესაძლებლობების დასახვეწი პროგრამები. ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს. არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დიდი და ძლიერი საზღვაო ძალები ეყოლება შავ ზღვაში. აქ საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, სადაზვერო ინფორმაციის გაცვლაზე, საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაცვა იქნება. ამ სამ საკითხს პირდაპირი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ალიანსზეც”, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...