ჰაცუ ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე თეიმურაზ ჯუღელმა დადებით ბალანსი გაინაღდა (ვიდეო)

ტოკიოში დღეს ჰაცუ ბაშოს მე-13 დღის შეხვედრები გაიმართა.

ჯურიო დივიზიონიდან ერთი ბაშოთი მაკუშიტა დივიზიონში გადანაცვლებული და იქედან მსწრაფლ უკან დაბრუნებული თეიმურაზ ჯუღელი – გაგამარუ, რომელიც მე-14 ნომრით ასპარეზობს, დღეს ჯურიო N11-ს, მონღოლ აზუმარიუს (191 სმ, 163 კგ) შეხვდა, ოშიდაშის ილეთით დამარცხა იგი და 13 დღის შემდეგ მოპოვებული 8 მოგებით, ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე, კაჩი-კოში და რეიტინგში დაწინაურება გაინაღდა.

საინტერესოდ მიმდინარეობს ბრძოლა მაკუჩი დივიზიონში. მიტაკეუმმა, რომელიც წინა ბაშოზე მარცხიანი გამოსვლის შემდეგ სეკივაკეს რანგიდან კომუსუბის რანგში დაქვეითდა და ამჯერად შუა ბაშოს დროს რამდენიმე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს შეძლო მე-8 გამარჯვების მოპოვება და სავარაუდოდ, კვლავ სეკივაკე გახდება. ოძეკმა გოიედომ დღეს ოძეკ ტაკაიასუს სძლია და მისებრ 7 გამარჯვება აქვს. გუშინწინ მიტაკეუმთან, გუშინ ჩვენთან კარგად ნაცნობ მონღოლ ტამავაშისთან და დღეს წინა ბაშოს გამარჯვებულ ტაკაკეიშოსთან დამარცხებულმა ჰაკუჰომ ლიდერობა, ბაშოს დასრულებამდე ორი დღით ადრე, ტამავაშის დაუთმო. ამ უკანასკნელმა დღეს მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა და 11 გამარჯვებით ორი მარცხის წილ, ლიდერობს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...