გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს – საგზაო პროექტების “შავი ხვრელები” (ჟურნალისტური გამოძიება)

მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო, საქართველო საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო – ყველა ეს უწყებაა ჩართული იმ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით.

მასალები შესასწავლად გადავუგზავნეთსაერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას“,  „ახალგაზრდა ადვოკატებსდა IDFI-, რომლებიც ასევე ჩაერთვნენ პროცესში.

ყველაზე სწრაფი რეაგირება ჩვენს წერილებზე მსოფლიო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს ჰქონდა.

ვინ გვიშენებს გზებს, რაში ვიხდით მილიარდებს, რატომ დომინირებენ ქართულ ბაზარზე კომპანიებიშავი ხვრელებით“, რატომ ჩააბარეს საეჭვო რეპუტაციის ჩინურ კომპანიებს ყველაზე ძვირადღირებული საგზაო პროექტები, რატომ ვერ ვიბრუნებთ აქამდე  უკრაინული სამშენებლო კომპანიისგან 47 მილიონს, რატომ გადაირიცხა საქართველოს ბიუჯეტიდან ავანსად 47 მილიონი ოკუპირებული დონეცკის ბანკის ფილიალში, ვინ აგებს პასუხს ჩვენს უსაფრთხოებაზე და რაც მთავარია ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე?

სამტრედია -გრიგოლეთის შემოვლითი გზა – ყველაზე ძვირადღირებული საგზაო პროექტის ისტორია (ლოტი N2 – ჩინური „სინოჰიდრო“)

არ დარჩენილა მაღალი რანგის არცერთი საჯარო მოხელე, რომელსაც ამ გზის მნიშვნელობისთვის არ გაესვას ხაზი. დაწყებული პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილიდან, გაგრძელებული პრემიერ გიორგი კვირიკაშვილით და დამთავრებული ინფრასტრუქტურის ყველა მინისტრით.

ეს გზა სავიზიტო ბარათი იყო პრემიერ კვირიკაშვილისთვის საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე. თავის ყველა გამოსვლაში ის სიამაყით აღნიშნავდა:

დაწყებულია სამტრედიაგრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტის გზა. ეს გზა უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტად დატვირთული, საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.აღნიშნავდა პრემიერი თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში.

და რაც მთავარია: სამტრედიაგრიგოლეთის შემოვლითი გზა პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთერთი მიმართულებისქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

სამტრედია გრიგოლეთის შემოვლითი გზა პრემიერების სავიზიტო ბარათი, 4 პუნქტიანი გეგმის ერთერთი მიმართულება და რაც მთავარია, ქართველი ხალხის თავზე აღებული პროექტია, რომლის თანხაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

710 მილიონიან პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი სასესხო ვალდებულებით გვიფინანსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა ამ გზაზე გვაკისრია ნებისმიერ გადამხდელს, რომლებმაც ეს ვალი უნდა დავფაროთ. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ვაკონტროლოთ მისი მშენებლობა და მოვითხოვოთ ანგარიში ყველა დეტალზე, რაც ამ პროქტის ფარგლებში ხდება.

ამ პროექტის ფარგლებში კი საკმაოდ ბევრი არა მხოლოდ საინტერესო, საეჭვო ამბებიც ხდება, განსაკუთრებით კი II და IV ლოტებზე, სადაც ორი ჩინური კომპანია სინოჰიდრო და ჩინეთის რკინიგზა 23 ასრულებენ სამუშაოებს.

მსოფლიო ბანკიაიპრესისთვისმოწერილ წერილში ადასტურებს, რომ კომპანია, რომელიც ამ გზის მეორე ლოტს აშენებს, რომლის ღირებულებაც 253 მილიონი ლარია, არაერთხელაა შემჩნეული არაკეთილსინდისიერ გარიგებებსა და თაღლითურ სქემებში. ამის გამო ჩინურსინოჰიდროსმსოფლიო ბანკმა ყველაზე მკაცრი სანქცია დაადო – „სინოჰიდროს“ 2013 წლის 3 დეკემბრიდან  დროებით ჩამოერთვა ტენდერებში მონაწილეობის უფლება მსოფლიო ბანკის  პროცედურების შესაბამისად.

 სწორედ მსოფლიო ბანკის მიერ მის მიმართ დაწესებული სანქციების გამო „სინოჰიდრო“ მოხსნილი იქნა რუისი-რიკოთის მონაკვეთის  მოდერნიზაციის სამშენებლო სამუშაოების ტენდერიდან.

 მონაწილეობის მომენტისთვის მას დროებით ჩამორთმეული ჰქონდა უფლება დაედო ხელშეკრულება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ან მიეღო ასეთი პროექტიდან რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური, სარგებელი.

 უფრო მეტიც, Sinohydro Corporation Limited-ს ეკრძალებოდა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში შერჩეული კვალიფიციური კომპანიის ნომინირებული ქვეკონტრაქტორობა, კონსულტანტობა და საქონლის ან მომსახურების მიწოდებაც კი.

 მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2016 წელს მსოფლიო ბანკისგან მან კიდევ ერთი გაფრთხილება მიიღო, თუმცა, ამჯერად სანქციას გადაურჩა.

 Sinohydro Corporation Limited  – აფრიკის ბანკმა თაღლითურ გარიგებებში ამხილა და „შავ სიაში“ შეიყვანა; Transparency International-მა მალაიზიაში კაშხლის ჯებირის უხარისხო მშენებლობისთვის,  რის გამოც ათასობით ადამიანი ეკომიგრანტად იქცა, ჩინურ კომპანიას კორუფციის მონუმენტი უწოდა; მეზობელმა სომხეთმა კი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო „სინოჰიდროს“ მშენებლობები შეუჩერა.

 Sinohydro Corporation Limited  – ის ფილიალი საქართველოში სალიცენზიო პირობების დარღვევისა და ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებისთვის ადმინისტრაციული წესით 57-ჯერაა დაჯარიმებული.

 Sinohydro Corporation Limited – ის ფილიალი საქართველოში ხე-ტყის უკანონოდ ჭრაზე და ინერტული მასალების მოპოვების სალიცენზიო პირობების დარღვევაზე ფიგურირებს სისხლის სამართლის 20 საქმეში

 Sinohydro Corporation Limitedის ფილიალს საქართველოშიახალგაზრდა ადვოკატები” 21 სისტემურ დარღვევაში ამხელს.

ორგანიზაცია საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპირირების დეპარტამენტის ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აქვეყნებს 21 საკითხს, რომელი ეხება კომპანია “Sinohydro Corporation Limited”-ის უხეშ დარღვევებს. მეტიც, ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში დადგენილია, რომ კომპანია “Sinohydro Corporation Limited”-ში არასრულფასოვნადაა დანერგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა.

 Sinohydro Corporation Limitedის ფილიალი საქართველოში არაერთგზის ამხილეს გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაში და არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებზე. სწორედ „სინოჰიდროს“ სახელობის ჭაობები დარჩა ქობულეთის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც ადრე მოსახლეობის ყანები და საძოვრები ჰქონდა.

 Sinohydro Corporation Limited  – ის ფილიალი საქართველოში – 2014 წელს  აღიძრა სისხლის სამართლის საქმე  810 ხის მოჭრაზე, რომლის გამოძიება ისევ გრძელდება და რომელშის “სინოჰიდრო” ფიგურირებს. კომპანიას სახელმწიფოს მილიონობით დავალიანება აქვს და დაყადაღებული აქვს მთელი ქონება. საერთო ჯამში, კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა რამდენიმე მილიონს ლარს მიაღწია..

 ამ კომპანიას საქართველოში  ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ჩააბარეს!

 მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების შესახებ ინფორმირებული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროც და საავტომობილო გზების დეპარტამენტიც, ყველაზე ძვირადღირებული საგზაო პროექტი მაინც სინოჰიდროს ჩააბარეს.

„დონორი ორგანიზაციის ე. წ გაიდლაინების მიხედვით“, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის პირვანდელი პროექტის შეცვლა სულაც არ იყო გათვალისწინებული, თუმცა დაწყებიდან რამდენიმე თვეში, პროექტში ცვლილებები შედის, რაც ღირებულებას, საგზაო დეპარტამენტის ოფიციალური ცნობით, 37 მილიონამდე ლარით ამცირებს. ვინ რას იგებს ამ ცვლილებებით და ვის რამდენი მილიონი რჩება, ამაზე ცოტა მოგვიანებით…

   ყველაზე საინტერესო ამბავი სწორედ ამ ცვლილებების შემდეგ იწყება.

 ქართული ტენდერები ჩინური ვარიაციებით…

ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი საგზაო ტენდერის ისტორია ასეთია:  ჩინური „სინოჰიდრო“ ტენდერში შედის დაბალი ფასით და იგებს ყველაზე მსხვილბიუჯეტიან საგზაო პროექტს. მშენებლობის დაწყებიდან ძალიან მალევე, მე-2 და მე-4 ლოტზე, რომელსაც ასევე ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზა 23“ აშენებს შედის ცვლილებები. ცვლილებების თანახმად გზის საფუძველ გრუნტში „ხიმინჯები“, რომელმაც უნდა გაამაგროს ჭაობიანი ადგილები, იცვლება გაცილებით დაბალფასიანი „ფითილებით“ .

დაახლოებითი შედარებისთვის წარმოდგენა რომ შევუქმნათ მკითხველს, (როგორც დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან) თუკი ხიმინჯების ფასი ოთხივე ლოტზე 100 მილიონია, ფითილების ფასი 30 მილიონამდეა. საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილე, ირაკლი ხერგიანი აცხადებდა, რომ სამუშაოები გაგრძელდებოდა თანამედროვე „PVD“ ტექნოლოგიით, რომელიც თვისობრივად შეცვლიდა მშენებლობის პროცესს. მისივე მტკიცებით, გზა აშენდებოდა უფრო სწრაფად და ხარისხიანად.

 ცვლილება ისე შევიდა პროექტში და ისე დაიწყო მშენებლობა, რომ არ გაუვლია შემოწმება არც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში, არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და არც ახალი გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) გაკეთებულა.

 ამ ყველაფრის ფონზე,  ახალი გეოლოგიური კვლევის ჩატარება პროექტის შეცვლის შემდეგ, ჩინურ „სინოჰიდროს“ ანდეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მას სრული კარტბლანში ჰქონდა ისე მოერგო კვლევა, როგორც მისთვის იყო უკეთესი. „მისთვის უკეთესი“ ანუ იაფი და სწრაფი რამდენად აღმოჩნდა გზისთვის უკეთესი, ამას ჩვენს ფოტორეპორტაჟში იხილავთ. მანამდე კი

გთავაზობთ ამონარიდს გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან: (სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე)

 სამტრედიაგრიგოლეთის მე-2 და მე-4 ლოტზე შევიდა ცვლილებები, ხიმინჯების ნაცვლად კეთდება .. “ფითილები“. ეს მოხდა სამუშაოების დაწყების შემდეგ. რა გამოდის, პირველი საპროექტო ვერსია, სადაც საუბარი იყო, რომ იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხიმინჯები, გზის სიმყარისთვისარ იყო სწორი და უკეთესი ვარიანტი წარმოადგინა ვინმემ? ვინ იღებს ამ ცვლილებაზე პასუხისმგებლობას?

 ორიგინალური დიზაინის ავტორი ამ თავის ვერსიას იცავს და ჩვენც არ გვაქვს არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ იქ რამე არასწორად იყო გაკეთებული, მაგრამ არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება შესრულების ვადით, და ასევე ღირებულებით. საერთაშორისო პროექტების განხორციელების დროს არსებობს ასეთი პრაქტიკა, მას ჰქვია ველიოინჟინერინგი, როდესაც მშენებელი შემოგვთავაზებს უკეთეს ვარიანტს და ამ შემთხვევაში ეკონომიის ნაწილი მას უნდა დაუთმო, ანუ დარჩენილი ეკონომიის წილი მას მიაქვს.

 ამ შემთხვევაში ასეთი რამ არ მომხდარა, არავისთვის წილი არ გადაგვიხდია, მაგრამ ინჟინრისა და მშენებლის მიერ იყო შემოთავაზებული დამატებითი, ძალიან დეტალური კვლევების საფუძველზე ახალი მეთოდოლოგია. შემოთავაზებული იყო უფრო ეკონომიური ვარიანტი და ასევე უფრო იაფი.  კონტრაქტორებმა საკმაოდ დიდი თანხა დახარჯეს, რომ ეს დამატებითი კვლევა გაეკეთებინათ და წარედგინათ შემდეგ ინჟინრისთვის.

 ეს დამატებითი კვლევები თვითონსინოჰიდრომგააკეთა?

მისი მეთვალყურეობით გაკეთდა.

ბუნებრივია ანაზღაურებაც მათ აიღეს დამატებით კვლევებში, ასეა?

ანაზღაურება ჩვენგან არ მიუღიათ.

საიდან მიღეს?

თავისი ხარჯით.

ისეთი კეთილშობილებიც  და ქველმოქმედები არ არიან, რომ თვითონ გასწიონ ამხელა ხარჯი. მიზანი რა იყო მათი, როცა კვლევებში ფულს იხდიდნენ?

გეტყვით მიზანს. მათ ხომ აქვთ დროში ფიქსირებული ხარჯი და თუ პროექტის რეალიზაციისთვის  ვთქვათ მათ 1 წლით ნაკლები დაჭირდებათ, რა თქმა უნდა მოგება დარჩება, ანუ კერძო კომპანიის ყველა ნაბიჯი მიმართულია მოგებისაკენ, უფლება რომ მისცე, ყველაფერს სახლში წაიღებს, ამიტომ, ჩვენი მოვალეობა ის არის, რომ ვაკონტროლოთ და ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც არის, პირველ რიგში, ჩვენთვის სასარგებლო და მისთვის არ არის წამგებიანი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ცვლილებების შემდგომ პროექტის თავიდან შემოწმებას კანონი არ ითვალისწინებს.

 კანონი, რომლითაც ცვლილებების ნაწილში საგზაო დეპარტამენტი მოქმედებს, დიდი ხანია არ შეცვლილა. ისევ წინა ხელისუფლების დროინდელია და 2010 წლის 25 მაისით თარიღდება. საუბარია ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის ბრძანებაზე.

 თუმცა, პროექტს ცვლილებების შემდეგ, ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურებიც არ გაუვლია. დღეს არსებული ვითარება შემდეგია: ჩინურ კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ს არ გააჩნია არც სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა და არც საქართველოს გზების დეპარტამენტის საბჭოს წარუდგენია  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში დადებითი დასკვნა. არადა, კანონის თანახმად ორივე საჭირო იყო.

 „ახალგაზდა ადვოკატები: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1-ელ კატეგორიას განკუთვნილი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა, ასევე ხიდები და გვირაბები განეკუთვნება მე-5 კლასის შენობა-ნაგებობას, რომელიც მიჩნეულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებად. „სინოჰიდროს“ მიერ სამტრედია-გრიგოლეთის აშენებული გზა განეკუთვნება 1-ელ კატეგორიას, საერთაშორისო სტატუსის ქვეშ და იმავდროულად, გზაზე არსებული ხიდების გამო, შედის მე-5 კლასის დაცვის განსაკუთრებულ ზონაში. ამდენად, მთავრობის დასახელებული დადგენილების 27-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, კომპანია „სინოჰიდრო“ ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტზე სავალდებულო საექსპერტო შეფასება წარმოედგინა.

 შესაბამისად, კომპანია „Sinohydro Corporation Limited“-ის მიერ 2016 წლიდან სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მშენებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ნებართვებისა და საექსპერტო დასკვნის გარეშე, შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონო“.

ცვლილებების შესახებ ზუსტი მონაცემები, მათ შორის ფასთა შორის სხვაობა და დეტალური ხარჯთაღრიცხვა კონფიდენციალურია. საგზაო დეპარტამენტის ოფიციალური წერილის მიხედვით, ინფორმაციის საჯაროობას საერთაშორისო ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს.

შესაბამისად, რამდენი დააფასა ჩინურმა კომპანიამ იაფი „ფითილი“ და რა არის სინამდვილეში მისი საბაზრო ფასი, არ ვიცით.

„აიპრესი“ ამ „კონფიდენციალური“ დეტალების გასარკვევად ევროპის საინვესტიციო ბანკსაც დაუკავშირდა. ბანკის პრესასთან ურთიერთობის მენეჯერმა გაგვიცხადა, რომ ხელშეკრულება კონფიდენციალურია მათი მხრიდან , თუმცაღა, ქართულ მხარეს, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია, რადგან ეს პროექტი ჩვენთან ხორციელდება.

„თქვენ გაქვთ მარტივი გზა, მიმართოთ ხელისუფლებას,“- გაგვიცხადეს ევროპის საინვესტიციო ბანკში.

არ ვიცით, რამდენად მარტივია გზა ხელისუფლებისკენ ან რამდენად დავარწმუნებთ მათ იმაში, რომ  ის, რაც სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის თითქმის მილიარდიან პროექტზე ხდება, განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა ასაყვანი, მაგრამ ამ სტატიის შემდეგ ზუსტად გვეცოდინება ვის მოვთხოვოთ პასუხი მომავალში…

ჩინური ახალი წელი და უპასუხოდ დატოვებული კითხვები…

„სინოჰიდროს“ უკვე ორი კვირაა ველოდებით, პასუხი გაგვცეს სამ მარტივ კითხვაზე. დავუკავშირდით მის წარმომადგენელს გიორგი წურწუმიას და არაერთგზის ვცადეთ დაკავშირება კომპანიის იურისტ ბადრი ღაღაიშვილთან. თუმცა, მას შემდეგ, რაც კითხვები გადავუგზავნეთ, „აიპრესის“ ზარებს არცერთი მათგანი აღარ პასუხობს. კომპანიის წარმომადგენელმა ბოლო საუბრისას გვითხრა, რომ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით ხელმძღვანელები სამშობლოში იყვნენ წასულები. მას შემდეგ 2 კვირა გავიდა და ახალმა წელმაც ჩაიარა, თუმცა კითხვებზე პასუხები დღემდე არ მიგვიღია.

კითხვები, რომელზეც „სინოჰიდროს“ პასუხი არ აქვს, ასეთია:

1. სამტრედია გრიგოლეთის მეორე ლოტზე, რომელსაც თქვენ აშენებთ, როდის შევიდა ცვლილებები?

2. შეტანილი ცვლილებების თანახმად რამდენი რჩება მოგება კომპანიას?

3. ე.წ წყალგამტარი ხიდები, რომელიც უკვე დაზიანებულია, ჩატეხილია, რომელი პროექტით აშენდა, შეცვლილით თუ თავდაპირველით?

პროფესორი კოტე მჭედლიშვილი: სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გამოძიება უნდა დაიწყოს

პროფესორი, გზების სპეციალისტი კონსტანტინე მჭედლიშვილი „აიპრესთან“ საუბრისას  აცხადებს, რომ იმ ცვლილებების გამო, რაც ახლა სამტრედია გრიგოლეთის გზაზე ხდება,  გამოძიება უნდა დაიწყოს. პროფესორის თქმით, პროექტის პირვანდელი ვერსიის შეცვლა, რომელიც კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან მიწებზე იყო გათვლილი, ყოვლად დაუშვებელი იყო.

პროფესორი კოტე მჭედლიშვილი: რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის გზას, იქ არის ურთულესი პირობები. ჯერ ერთი, იქ არის კოლხეთის ჭაობები, ეს არის ჭარბტენიანი ზონა. ამ ჭარბტენიან ზონაში დაპროექტების, ექსპლუატაციის და მშენებლობის თავისებური მეთოდებია. თანაც ამ ჭარბტენიან ზონაში თიხნარი გრუნტები გვაქვს კიდევ. ამიტომაც გულდასმით უნდა იყოს გამოკვლეული ის ადგილები, გეოლოგია, გრუნტის წყლები, ბუნებრივი პირობები.

შემდეგ, ამ პირობების შესაბამისად უნდა იყოს პროექტი გაკეთებული. რამდენადაც ვიცი, პირველი პროექტი გაკეთებულია ქართველი ინჟინრების მიერ და საკმაოდ მაღალ დონეზეც, რაში დასჭირდათ ეს ცვლილებები გაუგებარია, თუმცა სულაც არა. ძალიან კარგად გასაგებია.

რატო შეცვალეს ხიმინჯები?  იმიტომ, რომ ხიმინჯები ძვირია და ამათ გამოიყენეს უფრო იაფი ვარიანტი, თავიანთთვის ხელსაყრელი. რაც ახლა სამტრედია-გრიგოლეთზე ხდება, თვითნებობაა და მეტი არაფერი!

იქ ვერტიკალური ნაბურღები უნდა შევსებულიყო ხრეშით, ან ქვიშით, იმიტომ, რომ ხრეში და ქვიშა არ იტკეპნება და კარგად იჭერს. დაჯდებოდა მიწის ვაკისი ჭადრაკულად განლაგებულ ვერტიკალურ ხიმინჯებზე, მაგრამ ამათ ეტყობა რაღაც შეცვალეს, რამაც არ გაამართლა და დაინგრა. მანდ უნდა დაინიშნოს გამოძიება იმის დასადგენად, ვინც ეს დაუშვა.

 ყველაზე ძვირი გზა – როგორ გამოიყურება ახლახანს დასრულებული სამუშაოები სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე 

როგორ გამოიყურება იაფად და სწრაფი მეთოდით , როგორც საგზაო დეპარტამენტის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ხერგიანი იტყოდა, თანამედროვე „PVD“ ტექნოლოგიით  გაკეთებული გზა, ამის გასარკვევად სამტრედია-გრიგოლეთის მეორე და მეოთხე ლოტი დავათვალიერეთ. ჩვენს მიერ წარმოდგენილ ამ ერთ ფოტოთიც (ფოტოები არაერთი გვაქვს)მარტივად დაადგენენ  სპეციალისტები  იმ ხარვეზს, რაც ახალგაკეთებულ ხიდებს აქვთ. ხიდები ჩამტვრეულია. ზემოდან დაწყობილი ტომრებით ჩაწეული ნაწილის გასწორებას ცილობენ, თუმცა სპეციალისტების განმარტებით ამით ე,წ “ჯდენა” არ მოხდება.

ახლახანს აშენებული ხიდები რომ დაზიანებულია ამას არც საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე უარყოფს.

ამონარიდი გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან:

 “აიპრესი: ახლა მინდა მთავარი კითხვა დაგისვათ: ე. წ წყალგამტარი ხიდები, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა…

ჩატეხილია

დიახ და რატომ არის ჩატეხილი? 12-მდე ხიდი დავათვალიერე და მხოლოდ დასაწყისში იყო კარგი ხარისხი დანარჩენგან ყველგან ჩატეხილია და ყველგან პრობლემები აქვს. იქნებ ამიხსნათ, ეს როგორ მოხდა?

მშენებლობის პროცესში, ზუსტად ამ მონაკვეთებზე, რამდენიმე ადგილას იყო მოულოდნელი ჯდენები. ამ ადგილზე  კომპანია თავისი ხარჯებით აკეთებს გეოლოგიურ კვლევებს, ანუ ეს ადგილი მოხვდა ორი ჭაბურღილის შუაში. ახლა ხდება ამ ადგილის მთლიანად შესწავლა. კონტრაქტს ერთი წელი აქვს ვადა, ეს ყველაფერი იქნება გამოსწორებული. ჩვენ ვამბობთ, რომ საბოლოო პროდუქტი გამორიცხულია რომ რაიმე ხარვეზებით იქნას მიღებული და ჩაბარებული. გამორიცხულია! რთული მონაკვეთია, თავადაც ნახეთ. თუ ერთად წავალთ, მეტ პრობლემას დაგანახებთ, უფრო სხვა კუთხითაც და იქაც აგიხსნით რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ ვასწორებთ ამას.

როგორც უკვე გითხარით, საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტში ცვლილებების შეტანას დამატებითი ექსპერტიზები არ სჭირდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც მედიაში ჩინურ „სინოჰიდროსა“ და სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზაზე სტატიები გამოქვეყნდა, დეპარტამენტმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩვენთან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ადასტურებს.

ამონარიდი გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან:

თუ არ იყო  საჭირო სამხარაულის ექსპერტიზა, 18 იანვარს რატომ მიმართეთ მათ?

მაგასაც გეტყვით რატომ მივმართეთ

ეს  ხომ არ არის პატარა ცვლილება, რაც შუა სამუშაოების დროს გადაწყვიტეთ შეგეტანათ?

თქვენ რა იცით პატარაა თუ დიდი? რა მასშტაბებით საზღვრავთ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

თუნდაც იმ მასშტაბებით ვსაზღვრავ, რომ ამ ცვლილებით თვისობრივად სხვა ტექნოლოგიას იყენებთ, ვიდრე პირველ ვარიანტში იყო.  თუ არ იყო მნიშვნელოვანი ცვლილება რატომ მიმართეთ სამხარაულს?

რატომ მივმართეთ იმაზეც გეტყვით. ვიღაცამ შეიძლება სხვანაირად გამოიყენოს და ამის მიზეზს გეტყვითროდესაც ცვლილება ეხება ღერძს, კორიდორს, ვთქვათ ხიდის მაგივრად გამოვიყენებთ ჭრილს, სადაც უკვე გარემოს ზემოქმედების თემები იცვლება, ეს არის თვისობრივი. იქ ახლა მე გამოვიყენებ ასფალტს თუ ბეტონს, რკინის არმირებას თუ ბაზალტის არმატურის, ეს თვისობრივად ითვლება?

კი, ითვლება. გზა მყარი იქნება თუ ნაკლებად მყარი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აი აქ არის შეცდომა. ჩვენ ისე მკითხაობის სფეროში გადავდივართ.

რკინა მექნება თუ პლასტმასი გზის ქვეშ, ამას არ აქვს მნიშვნელობა?!

თქვენ რა იცით? ანუ ვიღაცა ამბობს ხომ?

მე კითხვებს ვსვამ

რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ ერთი და იგივე შედეგს მივაღწევთ უფრო რაციონალური გზით, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ?

„რაციონალური გზით მიღწეული შედეგი“ ჩვენს ფოტომასალაშია ასახული.

საქართველოს ბიუჯეტიდან გადარიცხული 47 მილიონი ოკუპირებული დონეცკის ბანკში…

რა სიტუაცია გვაქვს დღეს სამტრედია-გრიგოლეთის სხვა ლოტებზე?

1.მაგისტრალი არ არის დასრულებული. 2. პირველ  ლოტზე გამარჯვებული  უკრაინული კომპანიაალტკომიგამქრალია. 3. სახელმწიფო უკან ვერ იბრუნებს ავანსად გადახდილ 47 მილიონს, რადგან საბანკო გარანტია გაცემული იყო საეჭვო რეპუტაციის მქონე ბანკის მიერ და 4. თანხა გადაირიცხა ოკუპირებული დონეცკის ბანკის ფილიალში. 5. მესამე ლოტის მშენებელ კომპანია „ტოდინს“ კი არ აქვს გადაზღვევა საქართველოს რომელიმე ბანკში.

 ამ ყველაფერს საგზაო დეპარტამენტში არ უარყოფენ. ამონარიდი გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან:

როგორ მოახერხა უკრაინულმა კომპანია „ალტკომმა“ პირველ ლოტზე გამარჯვება?  კომპანიას, რომელსაც უსერიოზულესი პრობლემები ჰქონდა და 47 მილიონი მილიონი, ჩვენგან აღებული ავანსი თან გაიყოლა?

„ალტკომი“ ალბათ 4 წლის წინანდელია თუ 5 წლის ამბავია…

არ არის 5 წლის წინანდელი ამბავი… 2015 წლის ამბავია და სამტრედია-გრიგოლეთის პირველი ლოტი, რომელზეც თავიდან გამოაცხადეთ ტენდერი, მაგათი იყო.

ცალკე სერიოზული ქეისია ეს „ალტკომი“. მთავრობამ ძალიან ბევრი იწვალა, რომ ეს კონტრაქტი შეგვენარჩუნებინა.  ფაქტობრივად, „ალტკომს“ ერთი წელი და მერე კიდევ ერთი წელი აცალა, რომ თავისი ფინანსური მდგომარეობები გაეუმჯობესებინა, რაც მან ვერ მოახერხა, ამიტომ ხელშეკრულება  შეწყვეტილია.

საქართველოს ისტორიაში სულ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, როდესაც ასეთი დონის კონტრაქტი წყდება და გვიწევს ტენდერის თავიდან გამოცხადება. გუშინ გაიხნა სატენდერო წინადადებები პირველ ლოტზე.

მაგრამ ამასობასი „ალტკომს“  ავანსად 47 მილიონი უკვე აღებული ჰქონდა.

აღებული ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საბანკო გარანტიები, ვმუშაობთ რომ ამ ბანკს თანხები ჩავარიცხიოთ. რატომღაც პრესაში ამასთან დაკავშირებით სკეპტიკური ინფორმაციები გავიდა.

დიახ, სკეპტიკური ინფორმაციები გავიდა და იცით, რატომაც.  საბანკო გარანტიები საიდან აქვს ალტკომს?

უკრაინიდან აქვს.

არა, დონცკიდან აქვს…

არა კიევიდან აქვს, ეს არასწორია.

ახლა გადმოიტანეს, ანგარიში კიევში?

არა, ეს იგივეა, ახლა ჩვენ რომ ვთქვათ საქართველოს ბანკის რომელიმე ფილიალზე მესტიიდანაა გადარიცხვაო.

სათაო არის კიევში, ამ ბანკის ხელმძღვანელი საქართველოში ბრძანდებოდა და მისი გარანტიების წერილები, გაუგრძელდა მას ვადა, წარმოდგენილია სწორედ კიევიდან. ასე რომ, დონეცკით სპეკულირება არ არის საჭირო, სათაო ოფისი არის დონეცკში.

„ალტკომს „დონეცკის ფილიალში აქვს საბანკო ოპერაცია ჩატარებული.

საბანკო  გარანტიებში საერთოდ არ არის ფილიალი მითითებული, ფული გადარიცხა დონეცკში, ალბათ ამას გულისხმობთ, ესეც, სამწუხაროდ, ეს პროექტიც შეფერხდა და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი არ გაჩერებულიყო.

მესამე ლოტის მშენებელ კომპანია „ტოდინთან„ დაკავშირებით, რომელიც ყაზახებმა შეიძინეს, თუ მოითხოვეთ საბანკო გარანტიები და გადაზღვევა?

ჩვენ გვაქვს იმის უფლება, მოვითხოვოთ და შევისწავლოთ რომელ ბანკშია კომპანია დაზღვეული. უმეტესწილად, ჩვენ უკვე ვითხოვთ ქართულ ბანკებში გაცემულ კონტრგარანტიას და ვთვლი, რომ ეს არის სწორი და ჩვენთვის უფრო ნაკლები რისკია.

„ტოდინის გადაზღვევა მოითხოვეთ საქართველოში?

ტოდინს „ა“ ვიზირება აქვს გაკეთებული . საქართველოში რომელიმე ბანკის მიერ, გარანტია არ გაცემულა, მაგრამ ეს არის მაღალი კლასის ბანკი, რომელთანაც პრობლემებს ჩვენ ვერ ვხედავთ.

 Change – რატომ ასაქმებენ საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები

საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე კიდევ ბევრ რამეში ვერ ხედავენ პრობლემას. მაგალითად ზურაბ ალავიძის ლოგიკას თუ მივყვებით, თუ საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხარ, ამავდროულად სატენდერო კომისიის წევრი და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ძალიან მალევე რამდენიმე ათას დოლარიან ხელფასზე მასთან გასაქმებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და მინისტრის ენაზე – კომპეტენტური კადრების დასაქმებას ნიშნავს.

რა ჰქვია ამას სინამდვილეში, განსჯა მკითხველისთვის მიგვინდია. ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით კი სქემა ასეთია:

ინფორმაცია N 1: საგზაო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები იმ უცხოურ სამშენებლო  კომპანიებში გადავიდნენ სამუშაოდ, რომლებმაც საგზაო დეპარტამენტის ტენდერებში გაიმარჯვეს.

ინფორმაცია N2. ეს მაღალჩინოსნები იმ სატენდერო კომისიის წევრებიც იყვნენ, რომელთა ხელში სწორედ იმ კომპანიების სატენდერო დოკუმენტაციამ გაიარა, რომელ კომპანიებშიც სამუშაოდ გადავიდნენ.

ინფორმაცია N3 . არის ცოტა განსხვავებული „ქეისიც“ – საგზაო დეპარტამენტის ტენდერში გამარჯვებული უცხოური კომპანიის დირექტორი საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

გივი ჩოჩიასაგზაო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა იმ თურქულ კომპანიაში, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ბათუმის შემოვლითი გზის ტენდერი მოიგო. საუბარია კომპანია „POLAT YOL & MAPA“ –ზე.

 ზაზა სიმონიასაგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. საგზაო დეპარტამენტიდან სამუშაოდ გადადის ჩინურ კომპანიასინოჰიდროში“, რომელსაც მოგებული აქვს ყველაზე ძვირადღირებული საგზაო ტენდერები, მათ შორის, სამტრედიაგრიგოლეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტი, რომლის ღირებულება 253 მილიონია. ზაზა სიმონიასინოჰიდროშისაკმაოდ მაღალ თანამდებობაზერეგიონალურ მენეჯერად ინიშნება.

 ირაკლი ხერგიანისაავტომობილო გზების დეპარტმენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, სამუშაოდ გადავიდა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიადოჰვა ინჟინერინგში“, კომპანიაში, რომელიც ზედამხედველობას უწევდა თბილისირუსთავის გზას, ქობულეთის შემოვლით გზას და საქართველოს 10 შიდა და მეორადი გზის რეკონსტრუქციის ზედამხედველობა აქვს აღებული.

 ზურაბ სიხარულიძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის უფროსმა დატოვა  თანამდებობა და სამუშაოდ იმ კომპანიაში გადავიდა, რომელიცბათუმის შემოვლითი გზისპროექტს  ზედამხედველობსსნეკში“.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე? ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია აფბა მთელს პასუხისმგებლობას პრემიერს აკისრებს და საგზაო პროექტების მიმდინარეობის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.

“ჩვენი დაკვირვებით იკვეთება ფაქტები, როდესაც მასშტაბურ პროექტებში გამარჯვებული კომპანიები, გამარჯვებიდან მოკლე დროშივე ითხოვენ პროექტებში ცვლილებებს და უპრობლემოდ იღებენ ნებართვებს ამ ცვლილებებზე. ხშირ შემთხვევაში, ათეულობით მილიონით მანიპულირება ხდება მხოლოდ გზების დეპარტამენტში შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც ასევე ბადებს უამრავ კითხვას კანონმდებლობასთან მიმართებაში, რომელიც აღნიშნული ქმედებების საშუალებას იძლევა.

ყოველივე ზემოაღწერილი, გარდა იმისა, რომ იწვევს სახელმწიფო კრედიტებისა და ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვას და უკიდურესად ზრდის კორუფციის რისკს, ქვეყნის იმიჯზე და კონკურენტულ გარემოზეც უარყოფითად მოქმედებს, რადგან დარღვეულია შეჯიბრებითობის ელემენტარული პრინციპი – საეჭვო რეპუტაციის კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში აბსოლუტურად სხვა პირობებით და ასრულებენ აბსოლუტურად სხვა პროექტებს, რომლის განხორციელებაშიც, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტენდერში დამარცხებული კომპანიები გაცილებით ნაკლებ თანხას დაასახელებდნენ.” – ნათქვამია “აფბას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ფაქტები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მხოლოდ ამ ერთ მონაკვეთს არ ეხება… კიდევ ბევრია… ამიტომაც, ეს გზები ტაძრებამდე არ მიგვიყვანს…

გაგრძელება იქნება 

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად