გვრიტიშვილი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის “რეზოლუცია” უკანონო, არაკომპეტენტურობის და პროვოკაციის ნაზავია

ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციაო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შემუშავებულ რეზოლუციას.

“3 თებერვალს დღის შუქი იხილა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, უფრო ზუსტად – ამ ასოციაციის მმართველი რგოლის მიერ შემუშავებულმა ,,რეზოლუციამ“, რომელიც არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არაკომპეტენტურობის და პროვოკაციის ნაზავი.

ცნობილია, რომ ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებულია 5000-მდე ადვოკატი; ეს ,,რეზოლუცია“ კი მიღებულია ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებულ განმეორებით კრებაზე, რომელსაც ესწრებოდა ადვოკატთა მთელი შემადგენლობის 7-8% პროცენტი. თავად იმსჯელეთ ამ ,,რეზოლუციის“ ლეგიტიმაციასა და სანდოობაზე!

,,რეზოლუციის“ ავტორი მოქმედ მოსამართლეებს პირდაპირ გვაბრალებს დანაშაულებს, თურმე 2012 წლამდე ჩვენ პოლიტიკური ნიშნით ვაპატიმრებდით ხალხს, პროფესიული საქმიანობის გამო მასშტაბურად ვდევნიდით ადვოკატებს და სხვა; თურმე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგვიმკვიდრებია ,,დაუსაბუთებელი, არამართებული, ტენდენციური გადაწყვეტილებების მიღების“ წესი, ჩამოგვიყალიბებია ,,სასამართლო სისტემაში მმართველობის მანკიერი ფორმა“ და სხვა.

ჩემდა სამწუხაროდ, ასოციაციის დღევანდელმა ხელმძღვანელმა – დავით ასათიანმა და მისმა ჯგუფმა გააგრძელა წინა თავმჯდომარის – ზაზა ხატიაშვილის მართლაც მანკიერი ხაზი: პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, არაეთიკური და ცილისმწამებლური კამპანიის წარმოება სასამართლოს მიმართ.

შეკითხვა მაქვს მასთან: ვისი ,,დაკვეთა“ შეასრულა სასამართლომ, როდესაც არ დააკმაყოფილა ადვოკატთა ჯგუფის – ლევან ჯანაშიას და სხვების მოთხოვნა, შეჩერებულიყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები, სანამ არ გაირკვეოდა არჩევნების პირველი ტურის ჩატარების კანონიერება? იმ არჩევნებით ხომ გახდით თქვენ თავმჯდომარე! თუ როგორ არის – სასამართლო მაშინ მოგწონთ, როცა თქვენს სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებებს და სხვა დროს აღარ?

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში გვეგულება იმგვარი რეგულაცია, რომელიც სასამართლოში ერთ-ერთ მხარედ მონაწილე პირების – ადვოკატების – პროფესიულ გაერთიანებას ანიჭებდეს სასამართლოზე ამგვარი გადაჭარბებული და უსაფუძვლო თავდასხმის უფლებას! ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში განუმარტავს, რომ ამგვარი თავდასხმა ცალსახად არ ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მეტიც, ,,ღვარძლიანი ტონის“ გამოყენებაც კი მოსამართლესთან მიმართებაში მიიჩნევა კონვენციის მე-10 მუხლის დებულებებთან შეუსაბამოდ (იხ: თუნდაც ,,გუევია გომეს ფერნანდესი და ფრეიტას ე კოსტა პორტუგალიის წინააღმდეგ“, საქმე #1529/09, 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება).

მოკლედ შევეხები ,,რეზოლუციის“ მოთხოვნებს:

1) მოთხოვნა – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიზღუდოს თანამდებობრივი პოზიციების მქონე მოსამართლეთა არჩევა, დაუსაბუთებელია: შევახსენებ დავით ასათიანს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების არსებული წესი სწორედ კონსტიტუციური რეფორმის შედეგია, რომელიც მოიწონა ვენეციის კომისიამ (იხ: 2017 წლის 19 ივნისის #876/2017 დასკვნა და 2018 წლის 19 მარტის #918/2018 დასკვნა)! ხოლო ადმინისტრაციული თანამდებობების მქონე მოსამართლეთა საბჭოს წევრად არჩევის შეზღუდვის ნაწილშიც, კანონმდებელმა აბსოლუტურად ზუსტად გაიზიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები (იხ: 2013 წლის 11 მარტის #701/2012 დასკვნა)!

ამდენად, საბჭოს დაკომპელქტების არსებული წესი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი ცვლილების საჭიროება შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ,,რეზოლუციის“ ავტორის სუბიექტურ, დაუსაბუთებელ სურვილად.

2) მოთხოვნა – უზენაეს სასამართლოში კანდიდატებად ნომინირების პროცესს ჩამოშორდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც უკავიათ ხელმძღვანელობითი პოზიციები სასამართლო სისტემაში, აბსურდული და დისკრიმინაციულია. იგივე მოსაზრება ჰქონდათ მავანთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამგვარ მოსამართლეთა არჩევის აკრძალვისათვის, რაც სამართლიანად უარყო ვენეციის კომისიამ (იხ: 2013 წლის 11 მარტის #701/2012 დასკვნა).

3) მოთხოვნა – შეიქმნას კვაზი-საბჭოები, რომლებიც თურმე შეაფასებენ მოსამართლეობის კანდიდატებს, მიმართულია კონსტიტუციური ორგანოების – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის დაკნინებისაკენ.

ამგვარი ორგანოების შექმნის არავითარი აუცილებლობა არსებობს: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დასაკომპლექტებლად შექმნილია საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების ანალოგიური მოდელი: ყოველგვარი საყოველთაო და საჯარო კონკურსის ჩატარების გარეშეც, საბჭოს მიენიჭა კანდიდატთა ნომინირების უფლებამოსილება.

საბჭოს შემადგენლობიდან (დიდი უმრავლესობა წარმოადგენს პროფესიონალ, პრაქტიკოს და თეორეტიკოს იურისტებს, მოქმედი მოსამართლეების ჩათვლით) გამომდინარე, დაუბრკოლებლად მიიღწევა კეთილსინდისიერი, ღირსეული, კვალიფიციური კანდიდატების შერჩევის მიზანი, ისე, რომ დაცული იქნეს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში აპრობირებული, ე.წ. კარიერული წინსვლის პრინციპიც. ანალოგიურად, საქართველოს პარლამენტშიც მრავლად არიან ამგვარი პროფესიონალი იურისტებიც და სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც სავსებით ქმედუნარიანნი არიან საბჭოს მიერ ნომინირებული კანდიდატების სათანადო შეფასებისათვის.

ბუნებრივად ისმის შეკითხვა: რატომ არ უჩნდებოდა ,,რეზოლუციის“ ავტორს შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარსულში განხორციელებული ნომინირებების მიმართ? იმიტომ ხომ არა, რომ მის მიერ ნომინირებული კანდიდატები მოწონებულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების თუ იგივე ,,რეზოლუციის“ ავტორის მიერ, პირადი-ნაცნობ მეგობრობის თუ სხვა არასათანადო ინტერესის გამო? ისიც ხომ უდავო და უსამართლო ფაქტია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში არც ერთი მოქმედი მოსამართლე დაწინაურებულა!

და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევის მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე ფორმატს როგორც საკომიტეტო მოსმენა-განხილვისათვის, ისე – პლენარულ სხდომისათვის.

5) მოთხოვნა – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ერთი და იგივე პირის პარლამენტისათვის წარდგენა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ერთხელ – უკიდურესად და არაპროპორციულად შემზღუდველია.

,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
ამდენად, ,,რეზოლუციის“ ავტორმა განიზრახა – გააუარესოს პოტენციური კანდიდატების სამართლებრივი მდგომარეობა მოქმედ რედაქციასთან შედარებითაც.

ამგვარი განზრახვა აბსოლუტურად არალეგიტიმურია. ისედაც, არსებული რედაქცია საკმაოდ მკაცრია: კანდიდატი, რომელიც ვერ მიიღებს პარლამენტის წევრთა ხმების საჭირო რაოდენობას (სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რაც ორგანული კანონის მისაღებად დაწესებული კვორუმის ტოლფასია!), ინარჩუნებს უფლებას – დამატებით მხოლოდ ერთხელღა წარდგეს პარლამენტის წინაშე, მთელი კარიერის მანძილზე!
ვფიქრობთ, რომ მოქმედი რედაქცია უკვე არის კანდიდატთა უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და საერთოდაც, ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტში, ამ რეგულაციის შემსუბუქება გვსურს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ერთი და იგივე კანდიდატის ნომინირება ორჯერ ერთი და იგივე მოწვევის პარლამენტისათვის. ეს ლოგიკურიცაა: ფაქტობრივად 4 წლის მანძილზე ერთი და იგივე კანდიდატს ჰქონდეს შესაძლებლობა – ორჯერ მაინც წარდგეს პარლამენტის წინაშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე,
,,რეზოლუციის“ ავტორის მიზანი – კიდევ უფრო გამკაცრდეს არსებული რეგულაცია, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და პოტენციური კანდიდატებისათვის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში (,,საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება“) გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია.

6) მოთხოვნა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის შესახებ დაემთხვა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივას 

ამ ინიციატივის ანტიკონსტიტუციურობაზე, დისკრიმინაციულ და სასამართლოსათვის უკიდურესად დამაზიანებელ შედეგებზე უკვე დეტალურად ვისაუბრე წინა დღეებში, ამიტომ აქ აღარ განვმეორდები.

მე ვიცი, რომ ადვოკატთა კორპუსი ემიჯნება ამ ,,რეზოლუციას“; თავად კრებაზე დამსწრე ადვოკატებსაც არ მიეცათ სრულყოფილი შესაძლებლობა – კარგად გაეაზრებინათ ,,რეზოლუციის“ შინაარსი, რადგან ისინი დააყენეს ფაქტის წინაშე და გადაწყვეტილება მიაღებინეს ფორს-მაჟორში. ასეთი ადვოკატები უკვე ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს სოციალურ ქსელში, რასაც მოვესალმები და იმედი მაქვს, რომ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადვოკატი სულ მალე გაემიჯნება ამ უმსგავსო პროცესს!”- წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...