გვრიტიშვილი: დისკუსიაში ვერთვები არა როგორც მოსამართლე, არამედ, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრი

“მე დისკუსიაში ვერთვები არა როგორც მოსამართლე, არამედ – როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ დისკუსიის საგანია სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენები” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ში მის მიმართ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით – რატომ ერთვება პოლიტიკურ პროცესში.

გვრიტიშვილი კითხულობს, რატომ ერთვება საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ნებისმიერ დისკუსიაში უპრობლემოდ. გვრიტიშვილის თქმით, დოლიძეს პოლიტიკოსობა ეკრძალება.

“ვინც მე მიკიჟინებს – პოლიტიკურ პროცესებში რატომ ერთვები, მოსამართლის ეთიკა გზღუდავსო, განგიმარტავთ:

მე დისკუსიაში ვერთვები არა როგორც მოსამართლე, არამედ – როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ დისკუსიის საგანია სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენები. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა – დავიცვა სისტემა და მოსამართლეები უსაფუძვლო, გადაჭარბებული თავდასხმებისგან. ჩემი ეს მოქმედება აბსოლუტურად შესაბამისია საერთაშორისო სტანდარტებთან (იხ: ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) მე-7 დასკვნის 55-ე პუნქტი, ასევე – მე-10 დასკვნის მე-8, მე-12, 82-ე და 83-ე პუნქტები).

საპასუხო კითხვაც მაქვს: რატომ ერთვება ანა დოლიძე ნებისმიერ დისკუსიაში უპრობლემოდ, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკიდან დაწყებული სპორტის სფეროთი თუ ქალაქის მერიის საქმიანობის კრიტიკით დამთავრებული? ეგ ხომ სუფთა პოლიტიკოსის საქმეა? იმავე საერთაშორისო სტანდარტით (იხ: CCJE-ის მე-10 დასკვნის 23-ე პუნქტი) დოლიძეს ეკრძალება პოლიტიკოსობა!

ჩემო კრიტიკოსებო, დაუსვით მას ეს შეკითხვა”- წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...