გვენეტაძე: არ არის სწორი, რომ ქართული ვალუტა ყველაზე მეტად გაუფასურდა

“კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ამიტომ ეს გავლენა თითქმის ყველა ქვეყანაში იგრძნობა, მათ შორის კურსთან, საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით”, – ასე აფასებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ტენდენციას. 

მისი თქმით, ვალუტის გაუფასურება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და აღნიშნულზე გავლენას რამდენიმე კონკრეტული გარემოება ახდენს. მათ შორისაა ქვეყნის პოზიცია და მისი ეკონომიკური მდგომარეობა.

“საქართველოს შემთხვევაში გავლენა მოხდა რამდენიმე არხით: გარდა იმისა, რომ მსოფლიო და რეგიონულ ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინებია და ეს ცუდია, ამავე დროს დარტყმა მიიღო მსოფლიო ტურიზმმა. ტურიზმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ზრდის მნიშვნლოვანი წყარო და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწორედ ამ ფაქტორების გავლენით მოხდა კურსის გაუფასურება და ეს იყო მოლოდინების გამოძახილი”,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება სხვა ვალუტებთან შედარებით ლარის განსაკუთრებულ გაუფასურებას, გვენეტაძის თქმით, ეს არასწორია. სებ-ის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებობს რამდენიმე მაგალითი, სადაც ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა, ვიდრე ქართული ლარი.

“არ არის სწორი, რომ ქართული ვალუტა ყველაზე მეტად გაუფასურდა, რადგან სხვა ვალუტები უფრო მეტად ან ნაკლებად გაუფასურდა ლართან შედარებით, არსებობს ამის მაგალითები. მათ შორის სამეზობლოშიც კი, რუსეთსა და ბელორუსში მეტად არის ეროვნული ვალუტა გაუფასურებული. მნიშვნელოვანია ის, რომ განვითარებადი ქვეყნები საშუალო მაჩვენებელში დაახლოებით ჩვენნაირადაა გაუფასურებული დოლართან მიმართებაში. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რა რეაგირება მოჰყვება ამას და მესმის, რომ მოკლევადიანი შოკი ძლიერია. თუმცა არასწორი რეაგირების შემთვევაში ეს შოკი შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს. მაგალითად, 2014-15 წლებში ლარი მოკლევადიან პერიოდში უფრო მეტადაც იყო გაუფასურებული და იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელთაც ეს შეაკავეს. ერთადაერთი გზა იყო რეზერვების ხარჯვა. შედეგი კი იყო ის, რომ დახარჯეს რეზერვების გაცილებით დიდი ნაწილი და გაუფასურება ჰქონდათ მეტი, ვიდრე ლარს”,-აღნიშნა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ: ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. თუმცა  ბოლო დღეებში ის ოდნავ გამყარდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2896 ლარია.

წყარო: ტვ “ფორმულა”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად