გვარამია “რუსთავი 2”-ის საქმეზე: ეს გადაწყვეტილება სკანდალურია სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელს უწოდებს და აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„მინდა ვუპასუხო თეა წულუკიანს, რომ დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, ეს ღონისძიება გაუქმდა, რადგან ის წამოვიდა „რუსთავი 2“-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად, ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ იგივე სასამართლომ, მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნაზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ, პირველად ისტორიაში თქვა, რომ ვიღებთ დროებით ღონისძიებას უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ვხედავ დასაბუთებულ დარღვევას გამოხატვის თავისუფლების.

ეს თქვა ერთმა პალატამ და მეორე პალატამ თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაცისაა, იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავ და ეს არის ღიად დაუსაბუთებელი. მე ვიტყოდი, რომ სკანდალური არის ეს გადაწყვეტილება შიგნით სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, მე შემიძლია მხოლოდ შევაფასო ეს საკითხი და ცხადია, რომ არ დავეთანხმე მეორე პალატის გადაწყვეტილებას.“ – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...