გვარამია ნათია ფანჯიკიძეზე: ჰგონია სკლეროზი გვაქვს?! გავუცინეთ, გვეყოფა, გონორი სახლში შეინახოს

ასე ეხმაურება “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის პოსტს, რომელიც ფანჯიკიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ეთერის შესახებ დაწერა. გვარამია ფანჯიკიძეს მისი მეუღლის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას შესახებაც სვამს კითხვას.

“ამ ქალბატონს, მგონი, გონია რომ სკლეროზი გვაქვს ან დიდი ინდულგენცია გამოვუწერეთ მის მეუღლეს. გავუცინეთ, გვეყოფა – გონორი შეუძლია სახლში შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე.

და იმაზე არ უნდა კითხვის დასმა და მისი ქმრის პასუხი, ვინ დაავალა 11 თვის ჩვილის ქვევრში დახრჩობის საქმის საინფორმაციო ფაბრიკაცია და ამისთვის ზუგდიდიდან კახეთში ჩამოსკდომა? გაბუნიას ბოდვისგან განსხვავებით, ეგ ფაქტი დანაშაულის შემცველია, ისე, მაინც რომ იცოდეს”, – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, ნათია ფანჯიკიძემ Facebook-ში დაწერა, რომ საინტერესოა ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს “ბანძი სცენა”.

“მტრობას მეგობრობაზე მაღალი ღირსება სჭირდება, რადგან მეგობრობა თავისი არსით შეცდომებიან-წყენებიანად ადამიანური ღირსებაა. მტრობაში, ცხოველურ ინსტინქტში კი ღირსება ასე თავისთავადად არ არსებობს, თუ ღირებულებითი მხარე არ შესძინე. ჩვენ ეს ღირსება ბუნებრივად გვაქვს რუსებთან ჩვენი აბსოლუტური სიმართლის გამო. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ერთ მუჭა, საუკუნეების მანძილზე ჩვენივე სისხლით განოყიერებულ, საწყალ მიწას, ჩვენს პატარა სახლს. მტერი კი უშველებელი, ცხრათავიანი გველეშაპია, რომელსაც ამდენი ხანია ვუძალიანდებით. აგერ ახლაც სტუდენტებმა სისხლი გაიღეს რუსეთის გავლენის კიდევ ერთხელ მოსაგერიებლად და ეს ღირსების სრული დაცვით შეძლეს. გაბუნიას გინება მეეჭვება პუტინისთვის რამეს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრს ნიშნავს ქართველებისთვის, რადგან გვძარცვავს მტრობაში ღირსების გრძნობისგან, ესთეტიკისგან, აუბრალოებს ჩვენი გმირების განსაკუთრებული შინაგანი ძალის დემონსტრირების მაგალითებს.

ასეთი ჭყვიტინა, მდარე გამოხტომებით არაფერი გამოიხატება, გარდა იმისა, რომ უღირსები ვხდებით, უმწეო, სულელი, უაზროდ ენაფხანია ხალხი, როგორიც ჩვენ სინამდვილეში არ ვართ. გაბისკირიას “არასდროს ცხოვრებაში”, ანწუხელიძის, 19 წლის ბიჭის უტეხი სიმტკიცე, – ესაა ერის ხასიათის უმაღლესი გამოვლინება და თვითშეფასების ეტალონი და არა “სენმოკუკიპუკიტყტყ”.

კომედიის მეორე სცენა ცხადია მთავრობას ეკუთვნის, – გავრილოვის მასპინძლობაში კუდებნაღრძობი მთავრობის წევრების ამდენი შარვლებიდან ამოხტომა კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციის სიმდარეს. მგონი ყველა ერთად, სულ რომ გავჩუმდეთ, ვითომ არც გაგვიგია, აჯობებს, ასეც და ისეც სამარცხვინოა სიტუაცია.
პ.ს. რატომღაც გაბუნია ასეთი დაბალი კულტურის ადამიანი არ მგონია. საინტერესოა, ვინ დაავალა და რატომ შეასრულა ეს ძალიან ბანძი სცენა”, – დაწერა ნათია ფანჯიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...