გვარამია: მალე გავიგებთ ”ქართული ოცნება” ამჯერად მედიაში, მურუსიძე-ჩინჩალაძეებს როგორ გადაიბარებს

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

“ისეთი გვარები მესმის გინა მომსვლელის, გინა დამრჩენის, სად გავიცინო არ ვიცი.

2012 წელს არხი დამხვდა გამოშიგნულ გაფარჩაკებული. ჟურნალისტებს შეკითხვის დასმა ქონდათ აკრძალული და მიკროფონის დამკავებლებად გადაქცეულები. და ეს ვინც შეასრულა და ამის მთავარი სიმბოლო ვინც იყო, ამათი გვარები მესმის მხოლოდ.

მალე გავიგებთ ქართული ოცნება ამჯერად მედიაში როგორ გადაიბარებს მურუსიძე-ჩინჩალაძეებს 🙂 მაშინ ვინც ყველაზე იდიოზური და სალაპარაკო იყო, იმათ გადაიბარებენ სწორედ. ასე ქნეს სასამართლოში, ასე იზამენ მედიაშიც”,-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პაატა სალიამ “რუსთავი 2”-დან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი.  სავარაუდოდ, არხიდან გაუშვეს ასევე ეკა კვესიტაძეც.

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა, “ნანუკას შოუს” ავტორმა და წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა Facebook-ში დაწერა: 

“ნოდარ მელაძე გაუშვეს. ჰოდა, მოსვლამდე, ვინც ველის გასუფთავება მოითხოვა და ამ ყველაფერზე გაივლის და მოვა, ომს ელოდოს. საჯაროს, აქვე ფეისბუქზე. უი, და მეც გამიშვეს. უი, გაბუნიაც გაუშვეს, უი, კვესიტაძეც გაუშვიათ. კარგია, რომ მხოლოდ ორ სუბიექტს შორის იყო დავა. უი და გაბუნიაც”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...