გვარამია: ხაზარაძე არანაირ მოძრაობას არ შექმნის, საქართველოში მდიდარი ხალხი არ უყვართ

“მამუკა ხაზარაძის ერთადერთი შანსი არის დააფინანსოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური მედიები”,- ასე აფასებს “კავკასიის” ეთერში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას.

“მამუკა ხაზარაძე არანაირ მოძრაობას არ შექმნის. ამაში დარწმუნებული ვარ. ანონსებით არაფერი არ იქმნება. მამუკა ხაზარაძე არის მართალი ამ ბრძოლაში, იქ როგორ რა იყო, ფულის გათეთრება რომ არ იყო ეს ერთმნიშვნელოვანია. ფაქტია ეს არის – მაძიებლობა. 10 წლის შემდეგ ამოღებული საქმე, მამუკას საწინააღმდეგოდ.

მამუკა ხაზარაძე არის მართალი. მართალმა ადამიანმა სხვაგვარად უნდა გამოხატოს თავისი პოზიციები. მამუკა ხაზარაძე თავიდან ბედნიერი იყო იმით რომ მხოლოდ ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა, შემდეგ მოხსნეს ბანკიდან და საქმე არ აღძრეს, შემდეგ იყო კმაყოფილი იმით რომ საქმე აღძრეს და არ დაიჭირეს. ასე ჩანს, გირაო დაუწესეს და არ დაიჭირეს.

ივანიშვილმა თვითონ დაწვა ხიდები ხაზარაძესთან. ის არის პირადი მტერი. მე ხაზარაძის მხარეს ვარ. ნებისმიერი ადამიანის მხარეს ვიქნები ივანიშვილის წინააღმდეგ პუტინი თუ არ იქნება. ასე ივანიშვილის და ზოგადად უზურპატორების წინააღმდეგ არ იბრძვიან. მდიდარი ადამიანების პარტიას არავინ არ მისცემს ხმას, ბანკირი ისედაც საძულველი სახეა.

მამუკა ხაზარაძის ერთადერთი შანსი არის დააფინანსოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური მედიები. ვერავითარი მოძრაობა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. მდიდარი ხალხი არ უყვართ საქართველოში, ბანკირები 10-ჯერ მეტად არ უყვართ.”,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...