“გუშინ ივანიშვილის ხელისუფლების სახე ვნახეთ, რისი მსხვერპლიც თავადვე გახდებიან” – ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან

გუშინ “თბილისი პრაიდის” აქცია – “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა. რისი მიზეზიც რადიკალური ჯგუფების კონტრაქცია გახდა, რომლის აგრესიულმა მონაწილეებმაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუნადგურეს ტექნიკა. დღეს მოქალაქეებმა ძალადობის გასაპროტესტებლად და მედიის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მშვიდობიანი, მდუმარე აქცია დააანონსეს, რომელიც 20:00-ზეა დაგეგმილი. 

პოლიტიკოსი ნინო გოგუაძე „აიპრესთან“ ინტერვიუში გუშინდელ მოვლენებს აფასებს, ასევე იმას, რის გაკეთება ვერ შეძლო ოპოზიციამ და რა სათქმელს იტყვიან დღევანდელ მდუმარე აქციაზე.

_ პირველმა ემოციებმა ჩაიარა, დღეს უკვე რაციონალურად შეგვიძლია შევაფასოთ რაც მოხდა გუშინ. რატომ ამოიღეს მაინცდამაინც თვალში სამიზნედ მედია და რა პროვოცირება გაუკეთა ამ ძალადობას პრემიერის განცხადებამ?

_ პრემიერის განცხადებამ პროვოცირება კი არ გააკეთა. დღეს მეღიმება, როდესაც ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს. პრემიერი არის ამ დანაშაულის შემკვეთი და ორგანიზატორი. დიახ, ძალადობის ჯგუფები, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრიბა ბიძინა ივანიშვილის დავალებით. დიდი ხანია მათი ხელმძღვანელი ღარიბაშვილია.

_ ანუ დაორგანიზებული იყო?

_ რა თქმა უნდა ეს დაორგანიზებული იყო სწორედ პრემიერ-მინისტრის და სუს-ის მეშვეობით, ასევე ეკლესიის დახმარებით. აქ ორი ინსტიტუტი მუშაობდა სახელმწიფო და საპატრიარქო. ეს გავეშებული ბრბო გამოიყვანა თბილისის ქუჩებში და დაკვეთა მისცა ადამიანებზე ნადირობის. მან ადამიანები გაწირა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, რადგან ეს ხელისუფლება სწორედ ამ სიძულვილზე დგას. სწორედ ამ სიძულვილს და აგრესიას აღვივებდა უკანასკნელ წლებში და მთელ ევროპას აჩვენა, რომ ქართველები ველურები ვართ და თითქოს ეს არის ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა და ჩვენი ადგილი ევროპაში არ არის. ამის დემონსტრირება იყო ევროპისთვის, დასავლური სამყაროსთვის და მეორე მხრივ პუტინისთვის, რომ შენ დაკვეთას ვასრულებო. მესამე კი იყო შეტევა სახელმწიფოებრიობაზე, შეტევა თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე და დემოკრატიაზე. ეს იყო მრავალმხრივი შეტევა თავისუფლების და სახელმწიფოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ამის ორგანიზატორი იყო ირაკლი ღარიბაშვილი.

_ ღარიბაშვილი იმის ორგანიზატორიც იყო, რომ მედიაზე განხორციელებულიყო თავდასხმა?

_ რა თქმა უნდა. ამ ჯგუფებმა ზუსტად იცოდნენ, ვის უნდა გასწორებოდნენ. დამოუკიდებელი მედია დიდი ხანია თვალში არ მოსდის ბიძინა ივანიშვილს.

_ მაშინ სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს რატომ დაესხნენ თავს?

_ დამოუკიდებელი მედია თავისუფლების ერთადერთი კუნძულია. ის არის დემოკრატიის ერთადერთი ღირებულება, რომელიც ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიიტაცა. როდესაც დაკვეთას აძლევენ, რომ ჟურნალისტებს და ოპერატორებს გაუსწორდიო, ძნელია ამ ბრბოში გაარჩიო, რომელი სამთავრობო მედიაა და რომელი არა. როდესაც ასეთი უკანონობა ხდება – მედიაც, მოქალაქეც და ყველაც ერთნაირად დაუცველი ვართ ამ აგრესიის და ბრბოს წინაშე. გუშინ ეს სამაგალითოდ გამოჩნდა, ზუსტად ერთნაირად გაუსწორდნენ, როგორც დამოუკიდებელ მედიას, ასევე ამ ხელისუფლების მეხოტბე მედიასაც, ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა ბოროტებას ემსახურებიან. ეს უსამართლობა ყველა ადამიანთან მოვა, თუ ამას გასაქანი მიეცი. თუ ამას საქართველოს მოქალაქეები გასაქანს არ მისცემენ… საქართველოს მომავალი თავისუფლებაშია და სიბნელეში ვერ ჩაძირავენ. საქართველოს მომავალი არის დემოკრატიასა და კეთილდღეობაში და არა პუტინის რუსეთში, საითკენაც ასე დაჟინებით მიათრევს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.

_ გამოსავალი რაშია, როგორ მივაღწევთ დემოკრატიასა და თავისუფლებას?

_ მათ უნდათ, რომ დაგვაშინონ, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. ჩვენ უნდა გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი. დავენახოთ ერთმანეთს, გავამხნევოთ ერთმანეთი და ვთქვათ, რომ გაცილებით მეტი ვართ. ვხედავდით გუშინ, რომ დარბოდნენ ეს მოძალადეები და ბავშვებს უსწორდებოდნენ, ჟურნალისტებს უსწორდებოდნენ, სამოქალაქო აქტივისტებს უსწორდებოდნენ და ყველაფერს არბევდნენ რაც კი ხვდებოდათ – დაწყებული ოფისებით და რა ვიცი რით არ დამთავრებული. სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების რეალური სახე. ვინც ხმას აძლევს ივანიშვილს, გასაქანს აძლევს ამ აგრესიას, ადრე თუ გვიან ამის მსხვერპლი ხელისუფლება თავად გახდება.

_ მეც და ჩემ კოლეგებსაც გუშინ გაგვიჩნდა განცდა, რომ ოპოზიცია არ იყო საკმარისად აქტიური და თითქოს მედია მარტო ვიყავით დარჩენილები. რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე – საკმარისი იყო პოლიტიკური აქტორების აქტივობები?

_ იცით რა? სიმართლე გითხრათ გუშინ მთელი დღე მქონდა უკმარისობის განცდა, მაგრამ ვგრძნობდით პასუხისმგებლობასაც, რადგან ეს ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებაზე იყო წამსვლელი. არ გვინდოდა, რომ იქ მოგვეხდინა დაპირისპირების პროვოცირება, მაგრამ დღეს გავცემთ სათანადო პასუხს. გეთანხმებით, რომ მედია იყო ბრძოლის წინა ხაზზე და მარტო. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რომ ჩვენ მეტი ვერ შევძელით.

იქ, სადაც გაუქმებულია კანონი და ინსტიტუტები გაუქმებულია, ჩვენ ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს და არა პოლიციის. გუშინ ვნახეთ, რომ თითქმის არ იყო. ეს იყო შეკვეთა, რომ პოლიციას არ შეეჩერებინა აგრესორები. გუშინ ჟურნალისტებმა თავის თავზე გადაიტანეს უმძიმესი დარტყმა, რომელიც ველური ბრბოს მეშვეობით ხელისუფლებამ განახორციელა. ვწუხვარ, რომ ოპოზიციამ მეტი ვერ შევძელით. გუშინ მეც მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლე, მეტი ვერაფერი შევძელი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...