გურჯაანში, უახლოეს მომავალში უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება

“მუნიციპალური განვითარების ფონდის” წარმომადგენლებმა გურჯაანში ის ადგილი მოინახულეს, სადაც უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამისათვის ქალაქში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შენგელიას თქმით, ცხოველთა თავშესაფრების პროექტირება მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

„დავიწყოთ იქიდან, რომ “მუნიციპალური განვითარების” ფონდი გეგმავს 2018 წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ცხოველთა თავშესაფარის პროექტირებას და შემდეგ უკვე მშენებლობას. გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ დონორები მოგვეძიებინა, პროექტირებაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. დღეს დავათვალიერეთ შერჩეული ადგილი.

აქ მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თავშესაფარი, დასაქმდება მოსახლეობა და ის პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს, გადაიჭრება. 2019 წელს დაიწყება საპროექტო სამუშაოები, რომელიც ორ-სამ თვეს გასტანს. ამის შემდეგ ტენდერი უკვე უშუალოდ მშენებლობაზე გამოცხადდება“,- განაცხადა შენგელიამ.

კახეთის გუბერნატორმა,ირაკლი ქადაგიშვილმა პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.

„მხოლოდ თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემებით, 2017 წელს, ძაღლებმა, დაახლოებით 326 ადამიანი დაკბინეს, მათგან ორასზე მეტი ბავშვია.

აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა ყველა მუნიციპალიტეტს აწუხებს. თავშესაფრის ამოქმედების შემთხვევაში, პირველ რიგში, დაცული იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება და ამავდროულად, ცხოველები გაივლიან მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ პროცედურებს. ვფიქრობ, ამ კუთხით სწორი და ჰუმანური ნაბიჯი გადაიდგა“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

2019 წელს აღნიშნული თავშესაფრის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის თანხას კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი გაიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად