გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებს, პარკის ტერიტორიაზე მდებარე, ქართული წარმომავლობის ცნობილი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაგეგმილია პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, საზაფხულო კინოთეატრის და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები. ასევე, გათვალისწინებულია განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან და სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტს სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ და კულტურულ სივრცეებად დაიყოფა და საზოგადოების თავშეყრის და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების საკმაოდ აქტიური ადგილი გახდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად