გურჯაანში, რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკის) მშენებლობა დაიწყო

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრი შენდება.

ტექნოპარკის აშენებისთვის გურჯაანის ლოკაციის შერჩევას ხელი შეუწყო გურჯაანის მდებარეობამ, რომელსაც კახეთის ყველა მუნიციპალიტეტთან აქვს კავშირი.

„ტექნოპარკი, თავისი განვითარების გეგმით, მიზიდულობის ცენტრს ქმნის ახალგაზრდებისთვის. პროექტს უდიდესი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზარმაზარი თანხების გამოყოფას გეგმავს ნიჭიერი ახალგაზრდების და დაინტერესებული პირების გადამზადებისთვის. საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადება უახლოეს მომავალში დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტრენინგებს დააფინანსებს, რომელიც შემოდგომიდან დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ ორწლიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ ბენეფიციარები საერთაშორისო სერტიფიკატებს მიიღებენ, რაც მათ მუშაობის უფლებას მისცემს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს შესაძლებლობები მთელი კახეთის რეგიონის ახალგაზრდებისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ განვითარებულ ახალგაზრდებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ჩვენი ჩართულობა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

მნიშვნელოვანია, რომ ტექნოპარკი იქნება რეგიონის ცენტრში და ახალგაზრდები, მთელი კახეთიდან შეძლებენ ჩაერთონ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, სიახლეების დანერგვასა და, რაც მთავარია, გრანტების მოზიდვაში.

„მალე, კახეთის რეგიონის ახალგაზრდებს, იდეების რეალიზებისა და პროექტებზე მუშაობისთვის, განათლების მიღებისა და შემეცნებისთვის მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრი ექნებათ. რეგიონული ინოვაციების ცენტრის აშენებით, კახეთი ერთვება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამაში, როგორიც სტარტაპების უპრეცედენტო თანადაფინანსებაა. ერთ-ერთი საგრანტო პროგრამა, რითაც ახალგაზრდები შეძლებენ სარგებლობას, თანადაფინანსების ინოვაციების გრანტების პროგრამაა, რომელიც 650 000 ლარიან გრანტებს გულისხმობს. აღნიშნული სტარტაპ-პროგრამის მიზანი სწორედ ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება ქვეყნის ეკონომიკაში ჩართვაა. ეს, ერთგვარი გამოწვევაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები აინტერესებს,“ – გვითხრა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა გურჯაანში მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 178 598 ათას ლარია გამოყოფილი.

ტექნოპარკის მშენებლობას გურჯაანში შპს „ელჯორჯია“ ახორციელებს და ის ერთ წელში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...