გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 174 მლნ ლარი დაიხარჯება

მალე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების – კარდენახის, ბაკურციხის, კოლაგის, ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდრის და სოფელ გურჯაანის მოსახლეობას 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება ექნება, რისთვისაც 59 მილიონი ლარი დაიხარჯება.

წყალმომარაგების სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. გურჯაანის სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. მეორე ეტაპი 2021 წელს დაიწყება, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის დარჩენილ სოფლებს მოიცავს.

პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ა(ა)აიპ „მუნიციპალური სერვისი“ ერთობლივად მუშაობენ პრობლემის დეტალურად შესწავლაზე.

„მნიშვნელოვანი პროექტები იწყება მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელიც საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს მოიცავს. ამ ეტაპისთვის, გურჯაანისთვის იხარჯება 59 მლნ ლარი, საგარეჯოსთვის 25 მლნ ლარი, სიღნაღისთვის 35 მლნ ლარი, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის 55 მლნ ლარი. ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალი 4 წლის განმავლობაში იქნება ის, რომ მოსახლეობისთვის არა თუ წყლის მიწოდების პრობლემა აღმოვფხვრათ, არამედ მათ ჰქონდეთ 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგება“, – აღნიშნა გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა.

“მინდა გითხრათ, რომ ბოლო 4 წელიწადში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის უამრავი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. უფრო კონკრეტულად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 29 ახალი ჭაბურღილი მოაწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარა 30-ზე მეტ წყალმომარაგების ქსელს. თუმცა წყლის პრობლემა მაინც უმთავრეს გამოწვევად რჩება ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, გურჯაანელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ შპს საქრთველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ქალაქ გურჯაანში წყალმომარაგების ძველი მილების ამოცვლასა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა/რეაბილიტაციას მოიცავს. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 300 000 ლარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად