გურჯაანის შემოვლითი გზა დღეიდან გაიხსნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტას ასაავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე (გურჯაანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დაასრულა და ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება.

გურჯაანის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე-თელავი-ახმეტას გზას აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი). ის სატრანსპორტო ნაკადები, რომელიც გადაადგილდებოდა გურჯაანის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს გურჯაანის შემოვლით გზაზე, რაც ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ახალი გზა ანახევრებს მგზავრობის დროსაც.

გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.

კახეთის რეგიონში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის მშენებლობაზეც საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის მიხედვით, აშენდება 16.6 კმ 2-ზოლიანი ასფალტის საფარიანი გზა და 6 ხიდი. ეს მონაკვეთი კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს. ახალი გზის საშუალებით ავტოტრანსპორტი გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე 6 სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს და წნორის). ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 2 წელიწადში დასრულდება.

კახეთის ახალი 85 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერები უკვე გამოცხადებული აქვს თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზეც.

კომენტარები
იტვირთება...