გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს კორონავირუსის საპრევენციოდ რეკომენდაციები მისცეს

გურჯაანში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ა(ა)იპ “გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის” წარმომადგენლები გურჯაანის აგრარულ ბაზარში მივიდნენ, სავაჭრო პროცესს გაეცნენ და მოვაჭრეებს ის აუცილებელი რეკომენდაციები გააცნეს, რომლის დაცვაც მათ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ევალებათ. რეკომენდაციები მიეცა ბაზრის ადმინისტრაციასაც.

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიკოსებმა აღნიშნეს, აუცილებელია მოვაჭრეებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ ხელთათმანები და პირბადეები, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები.

ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც მოვაჭრეებს შორის, ასევე მომხმარებლებთანაც დაცულია სოციალური დისტანცია. ვაჭრობის პროცესში კი ისინი გამოიყენებენ ხელთათმანს და პირბადეს. თავად ადმინისტრაცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ატარებს ტერიტორიის სადეზინფექციო სამუშაოებს.

“კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის, სადეზინფექციო სამუშაებთან ერთად, ძალიან მნიშველოვანია ასეთი საინფორმაციო კამპანიები და ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი და გარშემომყოფები ვირუსისაგან. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ეპიდემიოლოგებს, რომლებიც მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, აქტიურად აძლევენ ჩვენს მოსახლეობას ძალიან კომპეტენტურ და საჭირო რეკომენდაციებს.” – აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მერია აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას. სწორედ ამ მიზნით, რამდენიმე დღის წინ გურჯაანელი ახალგაზრდა მოხალისეების ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საინფორმაციო პოსტერებიც განთავსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად