გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას ინფორმაციას ლაივ-ჩართვების საშუალებით აწვდის

გასულ კვირას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მოსახლეობას ლაივ ჩართვის საშუალებით მიმართა.
მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

” ჩემო გურჯაანელებო,

თითქმის ერთი თვეა, რაც ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსს ებრძვის და ატარებს ყველა შესაძლო ღონისძიებას მისი პრევენცისაა და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების, მათი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

ჩვენი ქვეყნის მთავრობა და შესაბამისი უწყებები აკონტროლებენ ვითარებას და ყოველდღიურ რეჟიმში გასცემენ იმ საჭირო რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ვირუსის პრევენციის მიზნით, თუმცა მთავრობასთან ერთად აუცილებელია თითოეული თქვენგანის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა და ვეცადოთ, გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ ოჯახებსა და მეგობრებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, დავიცვათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმები.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, მუნიციპალიტეტში მოქმედ საზოგადოებრივ ჯანდაცვის სამსახურს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, ჩვენს ექიმებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გურჯაანის პოლიციის რაიონულ სამმართველოს ოპერატიული თანამშრომლობისთვის, მედიის წარმომადგენლებს შექმნილ მდგომარეობაში საკითხების ოპერატიული გაშუქებისთვის და ასევე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და ემსახურებიან საზოგადოებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აცნობა, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, უნდა განხორციელდეს რიგი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მოგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და მერიაში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:

მერია გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, თუმცა იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რომლის მომსახურების მიღება ეხება ჯანმრთელობის, სოციალურ და მსგავსს საკითხებს შეზღუდვა არ დაწესებულა. ამასთან, მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

სიტუაციის გაუმჯობესებამდე, აღარ ჩატარდება კულტურული, ახალგაზრდული, სპორტული და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომელიც შეიძლება გახდეს თავშეყრის ადგილი.

დროებით შეჩერებული აქვს მუშაობა ბიბლიოთეკებს, მუზეუმებს, სპორტულ ცენტრებს, მერიაში მოქმედ კომისიებსა და საბჭოებს.

ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

დეზინფექცია პერიოდულად უტარდება საჯარო სკოლებსა და ბაღებს, მერიის ადმინისტრაციულ შენობებს, პოლიციას და სხვა ტიპის მომსახურების დანიშნულების შენობებს. ასევე, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოების დეზინფექციას.

ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილოს ინიციატივით, ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებისთვის გამოვყავით 132 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც თითოეული აღსაზრდელის, სულ2200 ოჯახს გადავცემთ სასურსათო პროდუქტებს.

ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ახალგაზრდებთან, რომლებმაც მოხალისეობის ინიციატივა გამოთქვეს, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მათი დახმარებით გაიკვრება საინფორმაციო პოსტერები. მე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ ასეთი მხარდაჭერის გამოხატვისთვის.

რაც შეეხება, ა(ა)იპ მოქალაქეთა თანადგომის ბენეფიციარებს, ამ ეტაპზე შევზღუდეთ ბენეფიციარების მიღება დარბაზში და მათ საკვების მიღება ადგილზე უწევთ ინდივიდუალურად, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, მათ ვისაც არ შეუძლია გადაადგილება, ააიპ თავად უზრუნველყობს საკვების მათივე სახლებში მიტანას.

ასევე, მსურს გესაუბროთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია სატრანსპორტო შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც დაწესდა ქვეყნის მასშტაბით და რა თქმა უნდა ვრცელდება ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებშიც. საკითხი შეეხება სამარშუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვას და მერიის ოფიციალურ განცხადებას ამ საკითხის შესახებ, რომელსაც არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა, ამიტომ მინდა განვმარტო, რომ:

სრული აკრძალვა ეხება მიკროავტობუსების მოძრაობას, გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია დისტანციის დაცვა და წარმოადგენს ერთგვარ თავშეყრის ადგილს, რომელიც რა თქმა უნდა ქმნის ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს.

ნაწილობრივი აკრძალვა ეხება ასევე მსუბუქი ტაქსების გადაადგილების საკითხს. ამ შემთხვევაშიც გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტაქსები გარკვეულწილად ითავსებენ მიკროავტობუსების ფუნქციას და ფაქტიურად, წარმოადგენენ შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, სადაც დღის განმავლობაში შესაძლებელია მოხვდეს სავარაუდოდ ალბათ 30-ზე მეტი სხვადასხვა ადამიანი, ამასთან თითოეულ შემთხვევაში ჯგუფურად 4-5 ადამიანი, სადაც შეუძლებელია დისტანცირება და ვირუსის პრევენციის ფარგლებში უსაფრხთოების ზომების მიღება და დაცვა, ამიტომ თითოეული თქვენგანის ჯადნმრთელობის დაცვიდან გამომდინარე დავაწესეთ შეზღუდვა და ამ ეტაპზე, დასაშვებია მხოლოდ 2-3 ადამიანის ერთდორულად გადაადგილება, რასაც მკაცრად გააკონტროლებს შსს და მერიის ზედამხედველობის სამსახური. გთხოვთ, აღნიშნულს მოვეკიდოთ მეტი პასუხისმგებლობით და დავეხმაროთ ერთმანეთს, ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში.

რაც შეეხება კვების ობიექტებსა და ბაზარს. კვების ობიექტებს შეწყვეტილი აქვთ ადგილზე მომსახურება და გადასულები არიან გატანის რეჟიმზე,

დიდ სუპერმარკეტებს, სადაც შესაძლებელია რამდენიმე ადამიანის თავმოყრა, შეზღუდული აქვთ მომსახურება, ხოლო რაც შეეხება აგრარულ ბაზარსა და იმ საკითხს, რომ პროდუქტებზე დეფიციტია შექმნილი, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და აქვე მოვუწოდებ ნებისმიერს ვინც ავრცელებს მსგავსი სახის ინფორმაციას, ძალიან გთხოვთ მოეკიდოთ მეტი პასუხისმგებლობით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და მიზანმიმართულად თუ თვითდაუნებურად ნუ დათესავთ პანიკას მოსახლეობაში. ხოლო, რაც შეეხება ფასების თვითნებურად ზრდას პროდუქციაზე, ამასთან დაკავშირებით მონიტორინგს განახორციელებს შსს და მერიის ზედამხედველობის სამსახური.

ასევე, გაცნობებთ, რომ სოფლებში ჩემი წარმომადგენლები გვეხმარებიან მარტოხელა პენსიონერების სათანადო ყურადღების მიქცევაში და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

ამასთან მზად ვარ, მერის სარეზერვო ფონდიდან გამოვყო დამატებით საჭირო სახსრები, ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, ვირუსის პრევენციის მიზნით საჭირო აქტივობების განხორციელებაში და ა.შ, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში, რასაც შექმნილი სიტუაცია მოითხოვს.

რაც შეეხება, ვირუსის გავრცელების სტატისტიკას ჩვენი მუნიციპალიტეტის ფარგლებში, მოგახსებეთ, რომ დღევანდელი მონაცემებით ჯამში გვყავს თვითიზოლაციაში მყოფი 29 ადამიანი , რომელთაგან 2 გადაყვანილი იქნა კარანტინში, სხვა შემთხვევები ამ ეტაპისთვის არ ფიქსირდება.

ჩემო გურჯაანელებო!

მოგიწოდებთ,

გთხოვთ,

გირჩევთ,

გაითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს ყოველდღიურ რეჟიმში.

დარჩით სახლში!

გაუფრთხილდით ოჯახებსა და მეგობრებს!

გამოიჩინეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა!

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზი – 112 ან/და დაუკავშირდით მერიას!

გისურვებთ ჯანმრთელობას!”,- არჩილ ხანდამაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად