გურჯაანის „გლეხურ ბაზარში“ არსებული ჯიხურებისა და მაღაზიის მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გურჯაანის „გლეხურ ბაზარში“ არსებული ჯიხურებისა და მაღაზიის მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა ადგილზე მისულმა გურჯაანის პოლიციის და კახეთის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მდგომარეობა განმუხტეს. მოლაპარაკების შემდეგ კი აქციის მონაილეები მშვიდობიანდ დაიშალნენ.

„დღეს ვგეგმავდით საპროტესტო აქციას, რადგან სიმართლეს ვერ მივაღწიეთ და ბაზრის მეპატრონეები გზას გვიხერგავენ. ამჟამად მიმდინარეობს დემონტაჟი და არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული.

ჩვენ ვითხოვთ სამართალს. მოვიდა პოლიცია და გვითხრა, რომ არ გვინდა აქცია და შიგნითვე მოვაგვაროთ ეს საქმეო. დავთანხმდით და დაველოდებით რას გააკეთებენ. რაც შეეხება დემონტაჟს, არჩილ ხანდამაშვილს არ ჰქონდა ნებართვის გაცმის უფლება, მაგრამ ზურგს უმაგრებს დავით სონღულაშვილი და იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. ჯიხურები დაანგრიეს ღამის პირველ საათზე, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ვითხოვთ მათ პასუხისგებაში მიცემას და გზის გათავისუფლებას, რომ საქონელი შევიტანოთ. თუ ვერ მივაღწევთ სიმართლეს, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არაფერს მოვერიდებით“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ლია ქართველიშვილმა.

მოვაჭრეთა პროტესტის გამოეხმაურნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, გლეხური ბაზრის გარკვეულ ნაწილზე არსებული ჯიხურების დემონტაჟის ნებართვა ყველა კანონის დაცვით გასცა. საუბარია მხოლოდ იმ ფართებზე, რომელიც არის შპს გლეხური ბაზრის საკუთრება. სასამართლოდან მოვიდა კონკრეტული მითითება, როგორც მერიაში, ასევე გლეხურ ბაზარში. რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც წარმოიშვა სადავო საკითხები, დროებით შეჩერდება დემონტაჟი ამ საკითხების გარკვევამდე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მერიიდან ნებართვა კანონიერად არის გაცემული, რადგან გლეხური ბაზარი ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე არსებული ფართების დემონტაჟს. სადავო ჯიხურებს, რასაკვირველია, არავინ შეეხება.,- განაცხადა მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.
ცნობისათვის, გურჯაანის ბაზარში ჯიხურების დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ ღამის საათებში დაიწყეს, რასაც მოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად