გურჯაანის აგრარული ბაზრის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

გურჯაანს მალე ახალი აგრარული ბაზარი ექნება. სამშენებლო სამუშაოები თვეზე მეტია მიმდინარეობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს გლეხური ბაზარი უკანონო მშენებლობისთვის დააჯარიმა. საკითხის გასარკვევად გურჯაანის მერს ბატონ არჩილ ხანდამაშვილს მივმართეთ.

„გურჯაანის აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია იყო როგორც მოსახლეობის, ასევე ბაზრის მეპატრონეების სურვილი. თუმცა, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის სრული დაცვით. შპს „გლეხური ბაზრის“ ადმინისტრაციამ მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო დოკუმენტები წარმოადგინა მერიაში, რის შემდეგაც, ვიდრე მშენებლობის ნებართვაზე მერიიდან ოფიციალური საბუთი გაიცემოდა, დაიწყო ბაზრის მშენებლობა. ამის გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „გლეხური ბაზარი“ ოთხი ათასი ლარით დააჯარიმა. საჯარიმო სანქცია 30 აგვისტოს გაიცა, რომლის გადახდის ვადა ერთი თვეა. ამ ეტაპზე საკითხი მოგვარებულია და ბაზრის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. სულ მალე მოსახლეობა სუფთა გარემოში შეძლებს პროდუქტის შეძენას, “ – გვითხრა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

შპს „გლეხური ბაზრის“ დირექტორი ლამარა აკოფაშვილი განმარტავს, რომ დაკისრებული ჯარიმა ადმინისტრაციამ მაშინვე გადაიხადა და ბაზრის მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობს.

„ შპს “გლეხური ბაზარი”-სთვის გურჯაანის აგრარული ბაზრის რეკონსტრუქცია არ წარმოადგენს მხოლოდ ბიზნესპროექტს, არამედ მიზნად ისახავს ქალაქ გურჯაანის და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხორცის, რძის პროდუქტების, ბოსტნეულის და ბაღჩეულის და სურსათის სავაჭრო სივრცის შექმნას.

ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე დაჩქარებული ტემპით განხორციელდა არსებული ამორტიზებული ნაგებობების დემონტაჟი და ტერიტორია მომზადდა მშენებლობისთვის.

მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგენილი ქალაქმშენებლობითი პირობების შესაბამისად 2019 წლის ივლისის ბოლოს დამუშავდა და შესათანხმებლად წარდგენილი იქნა ახალი სამშენებლო პროექტი.

იმის გათვალისწინებით, რომ დემონტაჟის შემდგომ მოვაჭრეებს საქმიანობა უწევთ ღია ცის ქვეშ და ქუჩაში, პროექტის მესაკუთრის მიერ ვადები განისაზღვრა პრიორიტეტად და სამშენებლო ნებართვის მიღების გარეშე დაიწყო მიწის სამუშაოები.
შპს”გლეხური ბაზარი” ემორჩილება მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას დაჯარიმების თაობაზე, ჯარიმის მიღებისთანავე გადახდილი იქნა საჯარიმე თანხა და მოთხოვნა ნებართვის გაცემის შესახებ ჯარიმის ქვითართან ერთად წარდგენილი იქნა არქიტექტურის სამსახურში, “ – ამბობს „გლეხური ბაზრის“ დირექტორი ლამარა აკოფაშვილი.

გურჯაანის აგრარული ბაზრის მშენებლობა, ყველანაირი კანონის დაცვით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მშენებლობის შემდეგ, ტერიტორიაზე განთავსდება ახალი სავაჭრო დახლები. ხორცისა და ყველის სექციები ბოსტნეულისგან იზოლირებულ, დახურულ სივრცეში მოეწყობა, სადაც იქნება როგორც გათბობის, ასევე კონდიცირების სისტემები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად