გურჯაანელი ქალი, რომელიც ტოსკანაში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ეწევა

ნინო ზათიაშვილი 23 წელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის პედაგოგად მუშაობდა. 10 წლის წინ ემიგრაციაში იტალიაში წავიდა. ქალბატონი ნინო ამჟამად საქართველოშია და იტალიაში გატარებულ 10 წელზე გვესაუბრება.

-ქალბატონო ნინო, მოგვიყევით თქვენს შესახებ.

– რა გითხრათ, 23 წელი ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის პედაგოგად ვმუშაობდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ემიგრაციაში წასვლა მომიწია. იტალიის ქალაქ ტოსკანაში დავიწყე მუშაობა. შემდეგ ფოლკლორულ ჯგუფში აღმოვჩნდი, სადაც ქართულ ფოლკლორს ვასწავლიდი, ამან სრულიად შეცვალა ჩემი იქაური ცხოვრება. ახლა პანდემიის გამო დროებით აქ ვარ, თუმცა იტალიის მოქალაქე ვარ და უახლოეს პერიოდში წასვლას ვაპირებ.

– როგორ შეიქმნა ფოლკლორული ჯგუფი?

– როგორც იცით, არსებობს საემიგრაციო ოფისები, სადაც ქართველები ყოველ კვირა ვიკრიბებით. ერთ-ერთ ასეთ შეკრებაზე შემოვიდნენ რეჟისორები, რომლებმაც გვითხრეს რომ უცხო ქვეყნების ფოლკლორის გასაცნობად უცხოელებს ეძებდნენ. იქვე ვიმღერე რამდენიმე ქართული სიმღერა და აქედან დაიწყო ყველაფერი.

– რამდენი ადამიანი იყო ჯგუფში და სადმე თუ მიიღეთ მონაწილეობა?

– სამი იტალიელი და სამი ქართველი ვიყავით, ყოველ კვირა ვხვდებოდით და ვმეცადინეობდით. იტალიელებს შევასწავლე ქართული ფოლკლორი. ჩვენი ამბავი ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა, რის შემდეგაც დანიელმა რეჟისორმა სპექტაკლზე მიგვიწვია ქალაქ პონტედერაში არსებულ თეატრში “ერა”. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ რეჟისორმა ამ სპექტაკლის ლაითმოტივად ქართული “შენ ხარ ვენახი” გამოიყენა.

-რა ინტენსივობით გაქვთ ხოლმე სპექტაკლები?

-იცით როგორ არის, მოგეხსენებათ ემიგრაციაში ყოფნის დროს ხშირად გიწევს სამსახურის შეცვლა. როდესაც სხვა ქალაქში გადავედი, ჩვენი შეკრებები შემცირდა, თუმცა გარკვეული პერიოდულობით მაინც ვახერხებთ. ცოტა ხნის წინ საემიგრაციო ოფისის 10 წლისთავთან დაკავშირებით, მასშტაბური ღონისძიება გაიმართა, სადაც ჩვენც ვიმღერეთ. ამასთან ერთად, გახლავართ ფლორენციის წმინდა ნინოს სამრევლოს წევრი, სადაც ვგალობ. მათი დახმარებით ორი შემოქმედებითი საღამო მქონდა, სადაც ჩემი ლექსები წავიკითხე.

-ლექსებს წერთ? ნამდვილი ხელოვანი ყოფილხართ.

-დიახ, ორი ლექსების კრებული მაქვს და მესამეს პრეზენტაციას უახლოეს პერიოდში ვგეგმავდი, თუმცა მსოფლიო პანდემიამ ხელი შემიშალა.

– ახლა რა გეგმები გაქვთ?

– უახლოეს დღეებში მივფრინავ იტალიაში. დროებით ისევ ემიგრაციაში მომიწევს ყოფნა. მაგრამ დიდი ხნით არა, ვფიქრობ მალე დავბრუნდები.

იტალიაში ყოფნის დროს კი ვეცდები კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია მოვახდინო ჩვენი ქართული კულტურის ეს იქნება ფოლკლორით თუ ჩემი ლექსებით.

– ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა, სასიამოვნო საუბრისთვის, წარმატებებს გისურვებთ.

– მადლობა თქვენ.

ინტერვიუს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად