გურამ ფალავანდიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ შტურმებს 

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით კინოთეატრებში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობა გაგრძელდება.

ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა “ვერის ბაღში” შეკრებილ მოქალაქეებს აცნობა.

“გუშინ ჩვენ არ ვიკადრეთ, როგორც რუსთაველზე, კომბლები გამოგვეყენებინა და ჯოხები. ვიღაცებმა ისროლეს რაღაცები, ეს მიუღებელი იყო, მაგრამ ჩვენ რომ აგვეღო ჯოხები, ეს არ გავაკეთეთ. ხალხმა შეიძლება, იარაღიც აიღოს, რაღაც მომენტში, მაგრამ ეს მომენტი არ არის. დღეს ჩვენ აღარ ვაპირებთ შტურმებს და აქედან გამომდინარე, დიდი ხალხი არ გვჭირდება და არ დაგვიძახია. ჩვენ პლაკატები დავბეჭდეთ და პლაკატებს მოვიტანთ ინგლისურ და ქართულ ენებზე, რომ ეს შეურაცხყოფაა ჩვენი ერის. ამ პლაკატებით წავალთ ყველა კინოთეატრის დარბაზთან“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

ცნობისათვის: კინოთეატრ „ამირანთან“ და „გალერია თბილისთან“, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება.

ამასთან, კინოთეატრ „ამირანთან“ დაკავებული 21 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო, ორი ხელწერილით გათავისუფლდა, ერთს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად