გურამ მაჭარაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” რადიკალური გამოსვლები არავის უკვირს, მაგრამ უკვე მომაბეზრებელი გახდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეისთვის დაგეგმილი აქციის მიზანია, პარტიამ როგორმე საკუთარ მხარდამჭერებში მუხტი გაზარდოს.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის ე.წ. პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით აქციებს არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მომაბეზრებელი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური გამოსვლები.

„არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების სამი ინსტანციის განაჩენი არსებობს, არამედ საერთაშორისო სასამართლოს აქვს დადგენილი, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა დანაშაულებივი სისტემა და მან ზოგს სიცოცხლე წაართვა, ზოგს ქონება, ზოგს ღირსება. მის ე.წ. პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით აქციებს არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებზე არანაირი კითხვები არ არსებობს, ამის დასტურია საზოგადოების განწყობა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ ვინმეს აქციის გამართვა უნდა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მათი უფლება დაცული იქნება, მაგრამ ვინც შეეცდება ეს დაარღვიოს, მაშინ ბუნებრივია, სამართლებრივი სახელმწიფოს რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში. ამ აქციის მიზანია, საკუთარ მხარდამჭერებში რამენაირად მუხტი აწიონ, მათი დღის წესრიგი კი რაც იყო, არ შეცვლილა. მათი დღის წესრიგია რადიკალიზმი. მათი რადიკალური გამოსვლები არავის უკვირს, მაგრამ უკვე მომაბეზრებელი გახდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...