გურამ მაჭარაშვილი: მე-10 მოწვევის პარლამენტს უნდა დახვდეს რეგლამენტი, რომელიც იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციასთან

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის უფლებების ხარჯზე პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების მიღება არ ხდება.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა  ჟურნალისტებს განუმარტა, პირიქით, თუ ვინმე გარკვეულ დროს ან თანამდებობებს იმცირებს, ეს არის საპარლამენტო უმრავლეობა, მათ შორის, ვიცე-სპიკეების კუთხითაც.

„ცვლილებები შედის იმისათვის, რომ კონსტიტუციასთან მოხდეს თავსებადობა და მე-10 მოწვევის პარლამენტს დახვდეს უკვე რეგლამენტი, რომელიც იქნება შესაბამისობაში კონსტიტუციასთან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისივე განმარტებით, ცვლილებები ხდება იმისათვის, რომ პარლამენტის საქმიანობა იყოს რაციონალური და ოპტიმალური. მაჭარაშვილის თქმით, გარკვეული ტიპის თანამდებობზე საუბარია რაოდენობის შემცირებაზე.

„მაგალითად, ვიცე-სპიკერების რაოდენობაზე. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური სპექტრის უფლებების ხარჯზე რაიმე ტიპის ცვლილებების განხორციელება რეგლამენტში. მეტსაც გეტყვით, მაგალითად, გამოსვლების დროის თვალსაზრისით დღეს საპარლამენტო უმრავლესობას და უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებს გაცილებით მეტი დრო აქვს, ვიდრე ამ პროექტის განხორციელების შემდგომ, იმიტომ, რომ ჩვენ ფრაქციების რიცხვთა რაოდენობას მივაბით წუთობრივი გამოსვლები და დავაწესეთ ზედა ზღვარი 75 წუთი, მაშინ, როდესაც დღევანდელი მოცემულობით უმრავლესობას აქვს 90 წუთი მხოლოდ ფრაქციებით და კიდევ 45 წუთი უმრავლესობის დროით. ამ პროექტის მიხედვით კი ექნება მხოლოდ 75 წუთი. ხოლო, საპარლამენტო ფრაქციებს აბსოლუტურად იგივე დრო ექნებათ, როგორიც სხვა ფრაქციებს. მათ შორის, უმრავლესობაში შემავალს. რა თქმა უდა, უფრაქციო წევრებსაც ექნებათ დროის თვალსაზრისით 3 წუთიანი გამოსვლის საშუალება”, – განაცხადა გურამ  მაჭარაშვილმა.

შეგახსნებეთ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანის, მამუკა მდინარაძის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.

რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ათეულობით შინაარსობრივ და ტექნიკურ შესწორებას პარლამენტის რეგლამენტის ფაქტობრივად ყველა თავში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად