გურამ კაშია: ინსტაგრამზე პირადად მომწერეთ, თქვენი ტკივილი გამიზიარეთ და აუცილებლად მოგისმენთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი და PRMC-ის სოციალური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, გურამ კაშია, დღეს საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ეწვია და შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეებთან ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი და PRMC-ის სოციალური კამპანიის – „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, გურამ კაშია, დღეს საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ფეხბურთელებთან ერთად ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ეწვია და შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეებთან ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.

შეხვედრაზე კაშიამ მოსწავლეებთან პირად გამოცდილებასა და ბულინგის თემაზე ისაუბრა. გაიხსენა სკოლის პერიოდი, მაშინ, როდესაც მას თავად ჩაგრავდნენ. ფეხბურთელის თქმით, მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს ჩაგრავენ, მან მოძებნოს ადამიანი, ვისაც ენდობა, იქნება ეს სკოლის დირექტორი, პედაგოგი თუ მასწავლებელი. გურამ კაშიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ასეთ შემთხვევებში, მას პირადად მიწერონ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.

“როდესაც სკოლის ბუფეტში ჩასვლის მეშინოდა, არ მინდოდა ჩემი ძმა შემერცხვინა. ჩავიდოდი და ფულს თუ წამართმევდნენ, ამით ჩემს ძმას შეურაცხყოფას მივაყენებდი. ასე ვფიქრობდი, არადა, ასე არ არის. ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა, რომ შიშს განვიცდიდი. თუ რამის გეშინიათ, ვინმეს უნდა გაუზიაროთ. ეს მხოლოდ ჩაგვრა შეიძლება არ იყოს. თუ რამის გეშინიათ, ისეთი ადამიანი უნდა მონახოთ, ვისაც ეტყვით, რომ ბულინგის მსხვერპლი ხართ. მონახოთ მეგობარი, ან დირექტორი, მასწავლებელი, შეიძლება მე ვიყო. დღევანდელ დროს ისეა განვითარებული ყველაფერი, ფეისბუქზე არ ვარ, მაგრამ შეგიძლიათ ინსტაგრამზე მომძებნოთ და თქვენი ტკივილი მე გამიზიაროთ, აუცილებლად მოგისმენთ”, – განაცხადა ფეხბურთელმა.

სოციალური პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ”, სლოგანით – “არ დაჩაგრო, იზრუნე” – ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს, მათ შორის, ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.

კამპანიას კეთილი ნების ელჩების სტატუსით წარმატებული სპორტსმენები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები შეუერთდნენ, მათ შორის: ლევან გორგაძე – ტოჩინოშინი, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ლომაია, ლაშა ტალახაძე, გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი და სხვები.

კამპანიის პარტნიორია “ჯინო ჰოლდინგი”. გენერალური სპონსორები არიან: “ვისოლი”, “დანქინ დონატსი” და “ვენდისი”. კამპანიის სპონსორია „მაკდონალდსი“. კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...