გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა

დღეს, თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი 80 წლის გახდა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.

მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი – დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკში და ვერაზე. მწერლის ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, პაპა — სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.

1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1959 წელს შეუერთდა არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია — „გორგასლიანს“.

1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.

მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: 7 აპრილს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“. 1968 წელს გურამ დოჩანაშვილი მწერალთა კავშირში მიიღეს, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, — ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.

გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს. მწერალი არის ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატი ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად