გულშემატკივრები მოითხოვენ სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ერთდროულად დაიწყოს

ფეხბურთის ფედერაციასთან შეკრებილ გულშემატკივრებს ფედერაციის გენერალური მდივანი, რეზი არველაძე შეხვდა.

არველაძემ შეკრებილ გულშემატკივრებს ვითარება გააცნო, გულშემატკივრებმა კი ბილეთების გაყიდვის თავიანთი ალტერნატიული ვერსია შესთავაზეს.

გულშემატკივრები ბილეთების გაყიდვას თანაბარ პირობებში მოითხოვდნენ. ასევე მათ აინტერესებდათ, თუ რა ბედი ეწეოდათ იმ გულშემატკივრებს, ვინც მოახერხეს საიტზე შესვლა და ბილეთების ყიდვა.

"ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ბილეთების გაყიდვისას იქნას დაცული თანაბრობის პრინციპი და ყველამ შეძლოს შეიძინოს ბილეთი. ვაცნობიერებთ იმას, რომ 100 ათასი ვერ იყიდის 30 ათას ბილეთს, მაგრამ უნდა იყოს ყველასთვის თანაბარი უფლებები" – განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, თორნიკე რაზმაძემ.

მათივე განცხადებით, არსებობენ მომხმარებლები, რომლებმაც შეძლეს ბილეთების შეძენა, მათ საბანკო ანგარიშიდან ჩამოეჭრათ თანხა, თუმცა ელექტრონულ მისამართზე ბილეთი არ მისვლიათ.

"რეზი არველაძემ განგვიმარტა, რომ 30 ბილეთია მხოლოდ გაყიდულიო. ჩვენ ვკითხეთ, თქვენ გაქვთ ეს ბილეთების ფაზა? როგორც აღმოჩნდა მათ არ აქვთ ეს ბილეთების ფაზა, ისევ და ისევ ეყრდნობიან biletebi.ge-ს ადმინისტრაციის განცხადებას, რომელმაც ჭორ-მართალი იმდენჯერ თქვა და იმდენჯერ შეცვალა, რომ აღარ ინდობიან ეს ადამიანები.
ჩვენ გვაინტერესებს რამდენი ბილეთი არის გაყიდული და რამდენი დარჩენილი.

მოვიტანეთ გადაღებული სურათები საიტის, 9 საათის დროინდელი, როდესაც ხალხმა მოახერხა ვებგვერდზე შესვლა, სადაც აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთ სექტორში სულ რამდენიმე გასაყიდი ბილეთია დარჩენილი.

ასევე biletebi.ge-ს ქონია ფედერაციასთან კონტრაქტი და არა უეფას, როგორც ორი დღის განმავლობაში ამბობდნენ და გამოდის რომ პასუხი ამ კომპანიას, უნდა მოთხოვოს ფედერაციამ, ამიტომ ვართ ზუსტად დღეს ფედერაციასთან შეკრებილები, თუმცა ახალი ვერაფერი გავიგეთ.

თურმე biletebi.ge-სთან არ გაწყვეტილა ყველანაირი ურთიერთობა და განიხილება, რომ კიდევ ამ ვებგვერდმა გაყიდოს სუპერთასის ბილეთები".

გულშემატკივრებმა არველაძეს შესთავაზეს, რომ ბილეთები უეფას საიტზე განთავსდეს და იქიდან შეძლონ მათ შეძენა.

"ჩვენ შევთავაზეთ ესეთი ალტერნატივა, რომ უეფას საიტზე დაიდოს და უეფას საიტიდან გაიყიდოს, თუმცა ეს ვარიანტი დაუსაბუთებლად უარყვეს, მიუხედავად იმისა, რომ უეფას აქვს რესურსი, რომ გაყიდოს ბილეთები.

ჩვენი აზრით ეს არის კომპლექსური დანაშაული ფეხბურთის ფედერაციის და biletebi.ge-ს. იმიტომ რომ ზუსტად ამ ორ უწყებას შორის იყო კონტრაქტი გაფორმებული. ამ ორ სტრუქტურას ვთხოვთ პასუხს. Biletebi.ge-ს ფიზიკურად ვერ ვთხოვთ, რადგან კაციშვილმა არ იცის სად არიან".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად