გუგავა: როცა “ოცნებას” ოპოზიციონერისთვის ციხის საკანი გამზადებული აქვს, მოლაპარაკებები ვერ შედგება

ქართულ ოცნებას თუ სურს, რომ მოლაპარაკებები შედგეს, აუცილებელია გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, – ამის შესახებ „აიპრესს“ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განუცხადა.

მისი თქმით, დიალოგის პერსპექტივა დამოკიდებულია ხელისუფლების პოზიციებზე.

„როდესაც ის ერთი მხრივ მოლაპარაკების მაგიდასთან გეძახის და მეორე მხრივ გამზადებული აქვს ციხის საკანი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისათვის და ამას უფრო ეფექტიანად ასრულებს ვიდრე კომპრომისზე წამოსვლას ან სხვა რამეს, ასეთ დროს მოლაპარაკებები ვერ შედგება.

ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა რამდენიმე კომპრომისი. მათ შორის გერმანული მოდელის ქართული ვარიანტი, იყო სხვა კომპრომისებზე, მაგრამ ხელისუფლება იქცეოდა როგორც იქცეოდა და ყველაფერი მიმართული იყო დესტრუქციისაკენ, რათა ეს მოლაპარაკებები ჩაშლილიყო.

მათ თუ სურთ მოლაპარაკებები შედგეს, აუცილებლად უნდა გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და საზოგადოებას, ოპოზიციას და საერთაშორისო პარტნიორებს ისეთი სისტემა უნდა შესთავაზოს, რომელიც მიახლოებული იქნება პროპორციულ სისტემისკენ. ცდილობენ, რომ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს სისტემა 100/50-ზე კომპრომისად შეასაღოს, მაგრამ ეს არსებულ ვითარებას არ ცვლის. უნდათ ისეთი სისტემის დამკვიდრება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლებაში მათ დარჩენას“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად