გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 30-მდე შენობა სრულად აღდგება

ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტის – „ახალი ტფილისი“ ფარგლებში განახორციელებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

"პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას", – აცხადებენ მერიაში. 

მათი ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.

"პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რესტავრირდება 100 წელზე მეტი ხნის ისტორიული ძეგლები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და უბნის საინვესტიციო პოტენციალი, ხოლო დედაქალაქს შეემატება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია", – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ლადო გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად