გუბაზ სანიკიძე: ოპოზიცია ძოწით შობილები ვართ, რამე უფლებები გვაქვს, თუ დაბადებით ვართ კეთილშობილები? ხალხს რა უნდა, ის ვიკითხოთ

“არ აინტერესებს ხალხს, ვის რამდენი მანდატი და მაჟორიტარი ეყოლება. ხელისუფლება რომ ყრუა, გასაგებია, მაგრამ ოპოზიციაც არ უნდა დაყრუვდეს. ხელისუფლებას ის უპირატესობა მაინც აქვს, რომ სადავეები აქვს ხელში”.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ღამის მთავარში” სტუმრობისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის ქმედებების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.

“ოპოზიცია რამე ძოწით შობილები ვართ, რამე უფლებები გვაქვს, თუ დაბადებით ვართ კეთილშობილები? ხალხს რა უნდა, ის ვიკითხოთ. ქართველ ხალხს უნდა ცვლილება და ქართველი ხალხის დიდ ნაწილს მიაჩნია, ამის მომსწრე ვარ, როცა ეკითხები, როგორ უნდა მოხდეს ცვლილება, ყველა გეუბნება, რომ ამის გამკეთებლი პერსონა ქვეყანაში და ქვეყნის მიღმა, არის მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ფაქტი. ოპოზოციას რა გვინდა, როგორ გავხერხავთ მანდატებს, ერთამენთს როგორ დავუნაწილებთ, როგორ შევეცდებით, ერთმანეთს რაღაცეები წავღლიტოთ, საერთოდ არ აინტერესებს ქართველ ხალხს. მე შეიძლება ბევრ რამეზე პრეტენზია არ მქონდეს, მაგრამ ერთ რამეს დავიჩემებ – ქართულ მოქმედ პოლიტიკაში ერთერთი მათგანი ვარ, ვინც ქუჩაში დავდივარ და  ყველანაირ კვლევებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე უკეთესად ვიცი, რა განწყობაა ხალხში”, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისი თქმით, ხალხს უნდა ცვლილება, ხალხი არ არის გაბრაზებული, ხალხი არის განრისხებული და უკვე გადადის გამძვინვარებაში.

“ეს გამძვინვარება რომ ფასად არ დაგვიჯდეს ჩვენ, ამიტომ პოლიტიკური ოპოზიცია იმას კი არ უნდა აკეთებდეს, როგორ ვინაწილებთ ადგილებს და მანდატებს, არამედ, როგორ მოვემსახუროთ ქართველი ხალხის ასეთ განწყობას. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვასრულებთ ქართველი ხალხის შეკვეთას. ალბათ, მიზეზი არის წინასაარჩევნო მდგომარეობა. როგორც ჩანს, ეს არჩევნები არ იქნება მარათონული, არამედ ბლიც-არჩევნები. ალბათ, შუა აგვისტოდან აგვისტოს ბოლომდე ეს ამბავი უნდა დავამთავროთ, რაც ბოლო დღეებში მიდის მედიაში – აქ დავთმოთ, იქ არ დავთმოთ… არ აინტერესებს ხალხს, ვის რამდენი მანდატი და მაჟორიტარი ეყოლება. ხელისუფლება რომ ყრუა, გასაგებია, მაგრამ ოპოზიციაც არ უნდა დაყრუვდეს. ხელისუფლებას ის უპირატესობა მაინც აქვს, რომ სადავეები აქვს ხელში”, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად