გრიგორი კარასინი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჟენევის დისკუსიების თემაა

ხუთთვიანი შესვენების შემდეგ, 28 ნოემბერს, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს და ადრე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ამჟამად კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა გაიმართება.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის წინ პორტალმა sputnik-georgia.ru კარასინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

კითხვაზე, რა საკითხებია 28 ნოემბრის დღის წესრიგში და იქნება თუ არა განხილული დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის თემა, კარასინი პასუხობს:

“თემებს შორის, უპირველეს ყოვლისა, ურთიერთდამოკიდებულების მდგომარეობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, სიტუაცია სატრანსპორტო სფეროში, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხები, სპორტული კავშირებიც ჩათვლით. გარკვეული იდეები გაჩნდა ჩვენი სპორტული ფედერაციების და გუნდების მხრიდან… ვიმსჯელებთ.”

ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით კარასინმა აღნიშნა, რომ ეს ჟენევის დისკუსიების სფეროს თემაა.

აღსანიშნავია, რომ კარასინის ინტერვიუს გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე რაგბის რუსულენოვანმა საიტმა rugger.info-მ რუსეთის რაგბის კავშირის გამგეობის წევრის, რუსეთის რაგბის ფედერაციის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორის, საფრანგეთის, ინგლისის ჩემპიონატების და რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრის, კირილ კულიომინის მიერ პორტალ rugbyworld.com-ზე 12 ნოემბერს გამოქვეყნებული ინტერვიუს ის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც კულიომინი რუსეთის რაგბის მომავალზე საუბრობს:

“მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მომავალი – ეს ევროპული შეჯიბრებებია. მოთამაშეებისთვის მართლა ძნელია იმოგზაურონ მთელი წელი”, – ამბობს კულიომინი და იქვე დასძენს, რომ მომავალი მათთვის შესაძლოა იყოს აღმოსავლეთ ევროპაში კონკურენტულუნარიანი ტურნირის ორგანიზება.

“ეს გეგმაა. მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსული კლუბები, ქართველები, შესაძლოა, რუმინელები, გერმანული კლუბები. ეს განიხილება, მაგრამ ჯერ ძნელი სათქმელია.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად