გრიგოლია პირადი ცხოვრების კადრებზე: ისე არ მინდა მოვკვდე, ვერ გავიგო ვინ მოგვიწყო ეს ტერაქტები

ასე მიმართა გადაცემა “პირველების” თანაწამყვანმა ინგა გრიგოლიამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც გადაცემის წამყვანების კითხვებს პასუხობდა.

“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირადი ცხოვრების კადრებით ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების მიმართ. ეკა ბესელიას შემთხვევა იყო ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როგორც კი გააქტიურდა ხელისუფლებასთან პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში გადავიდა. მომენტალურად ამას მოჰყვა მისი პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვება. უფრო ადრე იყო სხვა შემთხვევები. არ დავასახელებ არავის სახელს და გვარს, ცხადია. ვისაუბრებ, თუნდაც ჩემს საკუთარ თავზე. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ხელისუფლების რაღაც გარკვეული ეჭვი. თქვენ როგორც შს მინისტრი რა პასუხს გამცემთ ამ შეკითხვაზე? იმ მომენტში ვინც არის ხოლმე ხელისუფლებისთვის არასასურველი მის მიმართ ხდება ხოლმე მსგავსი მორალური ტერაქტები”, – მიმართა გრიგოლიამ გახარიას, რაზეც გახარია პასუხობს:

“ამ საქმეში ეჭვმიტანილთა წრე არის ძალიან ფართო. კარგია, რომ ამბობთ, რომ თქვენ გაქვთ ეჭვი. ჩვენც გვაქვს ეჭვი. გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. კარგია, რომ ჩავრთეთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა დავამყაროთ სტანდარტი. ეს სტანდარტი უნდა იყოს, იმისდა მიუხედავად საქმე გვაქვს შექმნასთან, შენახვასტან თუ გავრცელებასთან. ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს, ხელისუფლების მომხრე თუ არამომხრე. როდესაც დაზარალებული ამბობს, რომ მე მაქვს ეჭვი, ეს გამოძიებისთვის პირდაპირი მითითებაა, რომ ეს ეჭვი იყოს ან დასაბუთებული, ან უარყოფილი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინგა გრიგოლიამ კი მას მიმართა: “პირდაპირ გეტყვით და გულწრფელად. ისე არ მინდა მოვკვდე რომ ვერ გავიგო და ვერ ვნახო ის ადამიანები დასჯილები, ვინც მსგავსი ტერაქტები მოგვიწყო. ეს არ შემხებია მარტო მე. ამ შემთხვევაში მარტო ჩემს თავზე ვლაპარაკობ. არ მინდა, რომ ეს ადამიანები ჩავაგდო მათთვის არასასურველ სიტუაციაში და არ მინდა სხვა ფაქტებზე ვილაპარაკო. ჩვენ გვჭირდება პასუხი. “ქართული ოცნების” პირობებში ამას პასუხები თუ არ გაეცემა, როდესაც “ოცნება” ხელისუფლებაში აღარ იქნება, ყველას შეგვეძლება თქმა, რომ იმიტომ არ გამოიძიეს, რომ თავადვე გააკეთეს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად