გრიგოლია პატარაიას: მშვიდად მესაუბრეთ, ქალების მოკვლა და ძალადობა თქვენზე ნაკლებად არ გვტკივა

მშვიდად მესაუბრეთ, ქალების მოკვლა და ძალადობა თქვენზე ნაკლებად არ გვტკივა, – ასე მიმართა ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელს ბაია პატარაიას გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ.

ბაია პატარაიამ კი მედია მკაცრად გააკრიტიკა. ბატარაიას აზრით, მედიას გაშუქებისას სტანდარტებს არ იცავს, რაც იმის საწინდარია, რომ ძალადობის ასეთი ფაქტები განმეორდეს.

“ჩემი მთავარი სათქმელი აქ არის შემდეგი: ფემიციდის სწორად გაშუქება. თუ ამისგან დაიდგმება დრამა, ტრაგედია და საგმირო საქმე, თუნდაც ნეგატიური თვალსაზრისით და ამას უყურებს უამრავი მოძალადე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ეს ფაქტები გამეორდება. ამ შემთხვევაში ღიად შეგვიძლია ვისაუბროთ ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზე. არ შეიძლება სისხლის ჩვენება”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

გადაცემის წამყვანი ინგა გრიგოლია მას შეეკამათა და უთხრა, რომ მას სისხლი არ უჩვენებია, რაზეც ბაია პატარაიას პასუხი ასეთია:

“თქვენ აჩვენეთ, როგორ მოკლა კაცმა ქალი. როგორ დაესხა თავს და ურტყა დანა. არ უნდა აჩვენოთ, ამას გეუბნებით”, – მიმართა გრიგოლიას.

გრიგილიას პასუხი კი ასეთი იყო: “მშვიდად მესაუბრეთ, თქვენზე ნაკლებად არავის არ გვტკივა და გვაწუხებს. მე თვითონაც ვარ ძალადობა გამოვლილი, რომელმაც ვიცი, რას ნიშნავს ძალადობა”.

ბაია პატარაია კი პასუხობს: “არსებობს სტანდარტები, რომელიც ჟურნალისტებმა უნდა დაიცვან, თუ უნდათ რომ ეს შეაჩერონ. თუ ამას არ დაიცავთ, ისევ მოხდება. ეს ჩემი მოგონილი არ არის. არსებობს მსოფლიოში განსაკუთრებული სტანდარტები ფემიციდის გაშუქების და სუიციდის გაშუქების. წამბაძველობით ხდება მსგავსი მკვლელობები. იმიტომ მიყვება ხოლმე ყოველდღე და ყოველკვირა და მერე შეიძლება თვეები გავიდეს და აღარ მოხდეს იგივე. ამიტომ, ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და ცოტა მეტი ყურადღებით და დაკვირვებით გააშუქონ. ნებისმიერ ფსიქოლოგს ჰკითხეთ, რა ატრიგერებს მოძალადეს?! ეს არის სისხლი, იარაღი, ექშენი რასაც ჰქვია, აი ის. სახელმწიფო ვერ შეაჩერებს ამას.

უნდა ვისაუბროთ, მაგრამ რაღაცები არ უნდა ვაჩვენოთ. ყელი გამოჭრა, ნაჯახი ჩაარტყა თავში… ესენი არ უნდა ვთქვათ, თორემ ქალი რომ მოკლეს, ეგ უნდა ვთქვათ”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

შეგახსენებთ, დღეს ხაშურში მამაკაცმა მეუღლე ქუჩაში დაჭრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად