გრიგოლია ხაზარაძეს: საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე?

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საზოგადოებრივი მოძრობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სამსახურებრივ საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე? როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს- “შედი ქალო კუხნაში” თემა?! მინისტრის კრიტიკა რომ ხაჭაპურებზე გადის, აი, აქტიური ქალების მიმართ ეგ დამოკიდებულება მიჯანყებს სისხლს ამ ქვეყანაში”,-წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელ facebook-ზე.

დღეს, მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

“მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მას ვურჩევ, ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამას ყველაფერს ჩვენ პასუხს მოვთხოვთ, ყველას აბსოლუტურად.

თუმცა, მაიაზე ამას ვერ ვიტყვი. ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დადასტურებულად გეუბნებით, რომ ტენდერები ქვემოთ არ ტარდება გამჭვირვალედ. ეს არის ფიქცია. დაახლოებით იმავე პროცესს ჰგავს – ჩვენ სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცედურა მოგვახვიეს თავზე, რომ ვითომ ეს არის გამჭვირვალე. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა სააკაშვილის მოსამართლეები და მოსამართლეები არიან ხელისუფლების მოსამართლეები, პროკურორები კი არიან ხელისუფლების პროკურორები”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად