გრიგოლ ვაშაძე: ჩვენ შურისძიებისთვის არ მოვდივართ, დამარცხებული არავინ იქნება, ეს არის ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა

“რვა წელიწადი, თითქმის 3 000 დღე, 70 000 საათი ვითმინეთ საქართველოში ახლად დაწესებული ბატონყმობა, ხომ ამოგივიდათ ყელში? 31 ოქტომბერს ხომ გადავაგდებთ ამ ბატონყმობას? ხომ დავუბრუნებთ საქართველოს მომავალს, ჩვენს შვილებს პერსპექტივას, ნორმალურ სკოლებს, ნორმალურ მედიცინას, ნორმალურ ჯანდაცვას და იმ პატივისცემას, რომელიც ჩვენს სამშობლოს ჰქონდა და რომელიც ასე უაზროდ გაფლანგა ამ ვითომ ხელისუფლებამ”, – ამის შესახებ “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

“ერთი თხოვნა მაქვს, გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს არჩევნებზე მოდის გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებითა და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით. სიღნაღიდან რომ მოვდიოდი, საყვარელმა ჩვენმა ქალბატონებმა, ჩვენმა პარტიის წევრებმა, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამაჩერეს და მითხრეს, ბატონო გრიგოლ, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ტრიბუნიდან, რომ არც ერთი საჯარო მოხელე, არც ერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის. ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს. ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტიანული მოვალეობა. ზუსტად ასე გავაკეთებთ და იმას, ვინც ჩვენს სამშობლოს რვა წელი სისხლი წოვა, ვის უძირო ჯიბეებშიც დაილექა ბიუჯეტის ფული, ვინც ჩვენს შვილებს მომავალი მოპარა, ქართველი ხალხის რისხვა და მორალური გაკიცხვა დაატყდება თავს. დარწმუნებული ვარ, ამ ლამაზ ქვეყანას, რომელიც უფალმა გვაჩუქა, უზარმაზარი მომავალი ელოდება, რადგან ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენთან არს ღმერთი. წინ, ნანატრი გამარჯვებისთვის. 31 ოქტომბერს ძალ-ღონე არ დაიშუროთ, არჩევნები მოგებული გვაქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად