“გრიგოლ ვაშაძე ადამიანურ ურთიერთობებშიც მაგრად ჩაიჭრა” – ინტერვიუ გიორგი ბარამიძესთან

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე „მესამე ძალას“ შეუერთდა, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდმა დააფუძნა და მას „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ცალკეული პერსონები შეუერთდნენ. მათ შორის გრიგოლ ვაშაძეცაა.

პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე „აიპრესმა“ ინტერვიუ ვაშაძის ყოფილ თანაგუნდელთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან გიორგი ბარამიძესთან ჩაწერა, რომელიც აღნიშნულ ფაქტზე საკუთარ რეაქციას გვიზიარებს.

_ როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე მიდის „სტრატეგია აღმაშენებელში“, პარტიაში, რომელიც არაერთხელ გააკრიტიკეთ?

_ ძალიან გულდასაწყვეტი იყო. მართალი გითხრათ მოულოდნელი არ ყოფილა მას შემდეგ რაც მან გააკეთა. იმაზე მოულოდნელი აღარაფერია. ერთი ისღა დარჩა „ქართულ ოცნებაში“ ჩაწერილიყო.

_ რა გააკეთა ასეთი და რას გულისხმობთ იმაში, რომ ისღა დააკლდა, „ოცნებაში“ ჩაწერილიყო?

_ ვგულისხმობ იმას, როდესაც თავისი პარტიის მოწყვეტილად მივიდა და ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. ყველამ იცის, რომ მანამ იძახდა, რომ თუ ქუთაისში მაჟორიტარულ არჩევნებს არ მოვიგებ, პარლამენტში არ შევალო. გულზე მჯიღს ირტყამდა და ეს ყველამ იცის. იმის განურჩევლად გაყალბებული არჩევნების შემდეგ შევიდოდა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“. ეს მანამდე იყო ნათქვამი. ამდენი ნათქვამი სიტყვის უკან წაღების და პარტიის ზურგს უკან მოქმედებების შემდეგ როდესაც ასე გამოავლინა თავი ადამიანმა ეს ძალიან სამწუხაროა.

აქედან გამომდინარე არაფერი აღარ გამიკვირდებოდა. ეს ფაქტი ნამდვილად სამწუხაროა. ვენდობოდით ამ ადამიანს და საპრეზიდენტო არჩევნებზეც კანდიდატად წარვადგინეთ.

ივანიშვილს ვინც ჰყავს დასმული პრეზიდენტად, ის ადამიანი ჩვეულებრივი მოღალატეა, რადგან საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, რითაც რუსეთს ჰბანს სისხლიან ხელებს. ამიტომ მას არ შევადარებ გრიგოლ ვაშაძეს, მას ნამდვილად აჯობებდა, მაგრამ ბუნებრივია მეტს მოველოდი პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც.

_ თუმცა სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში თითქოს სახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოირჩევა.

_ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბი რომ გათხაროს, დანაშაულს ვერ გამოისყიდის, რაც მას ჩადენილი აქვს. ჯერ კიდევ 2008 წლამდე ამბობდა, რომ წითელუბანში სარადარო მოწყობილობააო და თურმე რუსებმა კი არ დაბომბეს, ქართველებმა დაბომბეს ჩვენი მთავარი ჯარი. მისი განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს 2018 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს და რაც არ უნდა გააკეთოს, ვერ ჩამოირეცხავს. მით უმეტეს რას აკეთებს ისეთს?! მე არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ.

_ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს ვგულისხმობ.

_ რაღაცა განცხადება რომ გააკეთა მეტ-ნაკლებად ნეიტრალური? რა განცხადება გააკეთა რევოლუციური, რომ ჩამოეწეროს ცოდვები, რაც მას აქვს სახელმწიფოს წინაშე.

ამიტომ ზურაბიშვილს ვაშაძე ყველა ვარიანტში აჯობებდა, მაგრამ არასწორი პოლიტიკური და ადამიანური ნაბიჯებით მოქმედებს.

_ დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომად მიგაჩნიათ ის, რომ გრიგოლ ვაშაძეს ანდეთ ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატობა, შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარეობა?

_ დღევანდელი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა შეცდომაა. ჩვენ ეს ყველაფერი რომ გვცოდნოდა, რა თქმა უნდა ის არ იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილს არც შევადარებდი, რომელმაც ქვეყნის ღალატი ჩაიდინა, როცა ქვეყანა ომის დაწყებაში დაადანაშაულა. გრიგოლ ვაშაძემ არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა. ეროვნულ ღალატსა და არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს, თუნდაც არაკეთილსინდისიერ მოქმედებას შორის დიდი განსხვავებაა. ორივე ცუდია, მაგრამ ერთი ცუდია, მეორე – კატასტროფა.

_ ამ ყველაფრის ფონზე მასთან თანამშრომლობას არ აპირებთ?

_ გააჩნია რა თანამშრომლობას გულისხმობთ.

_ როგორიც შეიძლება იყოს ორი ოპოზიციური პარტიის თანამშრომლობა.

_ სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ინტერესი აქვს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჭკუაზე იყვნენ და ხან ერთს ამბობდნენ, ხან მეორეს, ხან მესამეს. ჩვენც არც მათი საქციელი მოგვწონს და არც იდეოლოგია, მაგრამ დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, ამიტომ ვინც გაერთიანდება ამ იდეის გარშემო, თანამშრომლობაზე უარს არავის არ ვეტყვით. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ. მათ შორის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზურგსუკან ხელი მოაწერეს შეთანხმებას.

_ ნაციონალური მოძრაობის ზურგს უკან როგორ მოაწერეს ხელი, საქმის კურსში ხომ იყავით?

_ არა, არ ვყოფილვართ საქმის კურსში.

_ არც შიდა დისკუსიები არ გქონიათ გრიგოლ ვაშაძესთან, სანამ ის წავიდოდა?

_ არა. საერთოდ არ გამოჩენილა და მაგაშია საქმე. ადამიანურ ურთიერთობებშიც მაგრად ჩაიჭრა. არ მოსულა პარტიაში რომ დაგვლაპარაკებოდა და განეხილა, რომ მე თქვენ არ გეთანხმებით და ა. ა. შ. ისე არ ყოფილა, რომ დაესაბუთებინა.

_ ანუ, არც მცდელობა ჰქონია, რომ თავისი სიტყვა პარტიაში გაეტანა?

_ ბარიერი არ გვქონია აღმართული. მცდელობა ჰქონია რა? – ვინმეს კი არ დაუშლია მოსვლა.

_ მე ვგულისხმობ იმას, რომ მოსულიყო პარტიაში და ეთქვა თავისი სათქმელი.

_ მაგას გეუბნებით ზუსტად, რომ არც კი მოსულა-მეთქი. რბილად, რომ ვთქვა ძალიან ცუდად მოიქცა. ყველაზე მკვეთრ და ნეგატიურ სიტყვებს ივანიშვილის მიმართ ვიყენებ. რეჟიმის მიმართ, რომელიც ფაქტობრივად მკვლელებად ჩამოყალიბდნენ. ათობით ადამიანი გვეღუპება ყოველ დღე. კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო. შეიძლებოდა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელით პირველ ადგილზე არ ვყოფილიყავით მსოფლიოში 1 მილიონი მოსახლის მონაცემებით.

ამ ფონზე სხვაზე რა ვილაპარაკო. თუ რამეს ამ რეჟიმის შესაცვლელად სასარგებლოს გააკეთებს ის ძალა, რომელმაც ხან მესამე ძალა დაირქვა და ხან სტრატეგია აღმაშენებელი, მივესალმები. თუმცა, აქამდე მათი ქმედებები „ოცნების“ წისქვილზე ასხამდა წყალს.

_ მათ შორის გრიგოლ ვაშაძის ქმედებებიც?

_ რა თქმა უნდა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა იყო, როდესაც თავისი პარტიის ზურგს უკან მივა და ხელს მოაწერს დოკუმენტს და მერე პარლამენტში შევა. ის ხმები, რითაც შევიდა პარლამენტში მას არ ეკუთვნის და არც „აღმაშენებელს“. დაინახავენ რამდენ ხმას აიღებენ ახლა. ასეთი ვირეშმაკობა ნამდვილად არ გადის ჩვენ საზოგადოებაში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...