გრიგოლ გეგელია: პლებისციტს თუ მივაღწევთ, „ლელო“ პარლამენტში შევა

„ჩვენ უმთავრესად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის სრულ პროცესს და პლებისციტს. ჩვენ ვთვლით, რომ პლებისციტი არის უმაღლესი სინჯის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დემოკრატიული ვერდიქტი გვაჩვენოს. ეს არის ერთი შესაძლო ვარიანტი, მაგრამ დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსი არის იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის საღ, სრულყოფილ ფორმატს. პლებისციტს თუ მივაღწევთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ვიმუშავებთ, რათა მოვამზადოთ ადეკვატური პლებისციტი და ადეკვატური რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ველით, რომ ხალხი მიემხრობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას 2022 წელს“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

„ოპოზიციური მაგიდა არის პატრიოტული მაგიდა, სადაც წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ძალა. ეს ოპოზიციური მაგიდა არის გაერთიანებული უმნიშვნელოვანესი ექვსი პუნქტის ირგვლივ და ეს ერთობა არც ერთ შემთხვევაში არ დაკნინდება, არ დაზიანდება და არ დაიყოფა, ვიდრე არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს. „ლელო“ არის და იქნება ამ ექვსი პუნქტის ერთგული და მხარდამჭერი.

რაც შეეხება ინიციატივას, ეს არის ძალიან კარგი სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც უბრალოდ სამი პოლიტიკური მხარე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ელენე ხოშტარია ვუერთდებით. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საქართველოს საზოგადოებას შევთავაზოთ პოზიტიური დღის წესრიგი და ადამიანებს, რომლებიც დაღლილი არიან კრიზისით, ვუთხრათ, რომ დრო არის, ძალაუფლება გადაეცეს ხალხს. ყველას, განურჩევლად პარტიული და პოლიტიკური აფილირებისა, ვიწვევთ შემოუერთდეს მანიფესტს. ამ ინიციატივის სახელია „კონსტიტუცია 100“, რომელიც პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციურ სიკეთეებს იხსენებს და უნდა, ის მემკვიდრეობა აღადგინოს თანამედროვე ქართულ სამწუხაროდ, მომაკვდავ დემოკრატიაში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელი მოეწერა მანიფესტს, რომელსაც „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ. პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გამოდიან ინიციატივით, რომ შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც მათივე თქმით, დღეს არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

ავტორი – ვაკო ორმოცაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...