გრემის მთავარანგელოზის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გრემის მთავარანგელოზის ტაძრის გუმბათსა და სამრეკლოზე 2010-2011 წლებში განხორციელებული არასრულფასოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გადაუდებელ საკონსერვაციო ჩარევებს აწარმოებს. მნიშვნელოვანი სტრუქტურული დაზიანებების შედეგად, რაც გუმბათისა და სამრეკლოს კონუსის არქიტექტურულ ფრაგმენტებზეა გამოვლენილი, ტაძრის ინტერიერი წყლის ინფილტრაციის სერიოზული რისკის ქვეშ მოექცა.

ამჟამად  სააგენტოს დაკვეთით,  კავშირი „კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის ცენტრის“ სარესტავრაციო ჯგუფმა გრემის მთავარანგელოზის  სახელობის ტაძრის გუმბათზე და სამრეკლოზე დროებითი ხარაჩოს მოწყობა ასრულებს,   რომლის  მეშვეობით  კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი არქიტექტურული  ფრაგმენტები დროებითი გადახურვით დაიხურება.

მიმდინარე კვირის 23 ოქტომბერს გრემის  სამონასტრო კომპლექსს სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციის წევრი სპეციალისტები მოინახულებენ, რომლებიც ტაძრისა  და  სამრეკლოს  გუმბათებზე გამოვლენილი დაზიანებების გადაუდებელ საკონსერვაციო მეთოდოლოგიას  განსაზღვრავენ და საბჭოს განსახილველად  წარუდგენენ.  საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე კი დაჩქარებულ ვადებში დაიხვეწება სარესტავრაციო პროექტი, რომლის განხორციელებისთვის ეროვნულ სააგენტოს 150 ათასი ლარი უკვე  გამოყოფილი აქვს.  საკონსერვაციო პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე  დასრულდება. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება არსებული კრამიტიც, რომელიც ტრადიციული წესით – თიხის დაწნეხვის, დაფერვისა და მოჭიქვის მეთოდით უკვე დამზადებულია და შრობის პროცესშია.

გადაუდებელი საკონსერვაციო ჩარევებისა და წყლის  ინფილტრაციის  რისკის  გამორიცხვის შემდეგ, ეროვნული სააგენტოს დაკვეთითვე, მხატვარ-რესტავრატორთა  ჯგუფი გრემის მთავარანგელოზის  ტაძრის მხატვრობის საკონსერვაციო პროექტის  კვლევით-მოსამზადებელ სამუშაოებს დაიწყებს, რომლის საფუძველზე   ეროვნული კატეგორიის ძეგლის კედლის მხატვრობის კონსერვაცია 2021 წლიდან წარიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად