გოცირიძე უმრავლესობას: თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი, საარჩევნო პერიოდში ნებისმიერ ქალაქს ჩაკეტავთ

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება, მთავრობის ხელში სერიოზული იარაღია, რომელიც, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა და განმარტა, რომ  ამ კანონის საშუალებით ხელისუფლებას შეუძლია, ნებისმიერი ქალაქი წინასაარჩევნო პერიოდში ჩაკეტოს, რითაც ოპოზიციას გადაადგილებას შეუზღუდავს

.„პარლამენტი ეთიშება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი და ამავე დროს, ძალიან სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას. პარლამენტი ფაქტობრივად ფარ-ხმალს ყრის. დელეგირებას აკეთებს ისეთი უფლებებისა, რომელიც შეუძებელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდეს ამ ზომით. ფაქტობრივად, მთავრობას მიეცით უფლება, შეზღუდოს გადაადგილება, დაკეტოს ეკონომიკის ყველა დარგი, ჩაკეტოს ადამიანები სახლებში, გააუქმოს კონსტიტუციური უფლება, ადამიანის თავშეყრის და გამოხატვის, ჩაკეტოს ქალაქები და ისე გააკეთოს, რომ პარლამენტს არც კი ჰკითხოს. თქვენი პასუხია, კი მაგრამ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას ხომ არ გამოვაცხადებთ? კი ბატონო, ნუ გამოაცხადებთ, მაგრამ ყველა ეს ნორმა, რომელიც აქაა ჩაწერილი, უნდა ჩაიწეროს, რომ საჭიროებს პარლამენტთან შეთანხმებას. ფაქტობრივად, ესაა მთავრობის ხელში სერიოზული იარაღი, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული. თქვენ ხომ შეგიძლით ამ კანონით ნებისმიერ ქალაქს გაუკეთოთ იზოლირება? მაგალითად, ავიღოთ ზუგდიდი. ზუგდიდში აღმოჩნდა ერთი შემთხვევა, მერე იყო საუბარი რომ იყო პანაშვიდზე. ..მერე თქვენ დემაგოგიურად შეგიძლიათ გააგრძელოთ, რომ ამ კაცთან ვინც იყო შეხებაში, იმ დღეს იყო მეორე პანაშვიდზე …  ადგებით და საარჩევნო პერიოდში ჩაკეტავთ ქალაქს და ყოველგვარ თავისუფლებას აუკრძალავთ პოლიტიკურ ოპოზიციას. თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. პარლამენტი აძლევს ხელისუფლებას უსაზღვრო უფლებებს. ყველა იმ უფლებას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჭიროებდა პარლამენტის მიერ დამტკიცებას. ეს არის დიქტატორული კანონი. მთავრობის ხელში ეს იქნება რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის, ადამიანების უფლებების შეზღუდვის ინსტრუმენტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახენებთ: პარლამენტშ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად