გოცირიძე თადუმაძეზე: სწორია, კარგად თქვა, არსებობს წიგნი „დიდოსტატის კონსტანტინოპოლის მარჯვენა“

ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის განცხადებას, რომელიც “დიდოსტატის მარჯვენას” უკავშირდება.

„მას უთქვამს კონფერენციაზე, რომ თურმე შეკითხვა არასწორად იქნა დასმული, რომ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი წიგნი არ არსებობს. თურმე, არსებობს წიგნი „დიდოსტატის კონსტანტინოპოლის მარჯვენა“- სწორია, კარგად თქვა“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მანვე შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დიპლომის ნამდვილობა ვერ დადგინდა, რაც შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

“ჯერ ერთი იმათ, ვინც გააყალბა დიპლომი და ეს ეხება უნივერსიტეტსაც, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კომენტარს თავს არიდებს, მედიაში არ ჩანან. ამიტომ, როგორც უნივერსიტეტი შეიძლება იყოს დამნაშავე, ასევე ის ადამიანი, რომელმაც გაყალბებული დიპლომი წარმოადგინა. დღეს უკვე საუბარია არა იმაზე მისი საბუთები შეესაბამება თუ არა იმ თანამდებობას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს, არამედ დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა” ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“-განაცხადა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად