გოცირიძე: სავალუტო ფონდის კეთილგანწყობა არ ნიშნავს მხოლოდ დაპირებულ 447 მილიონ დოლარს

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მთავრობის მიერ მომზადებულ ანტიკრიზიუსლი გეგმას აკრიტიკებს და საკუთარ მოსაზრებას სოციალური ქსელით ავრცელებს.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, მთავრობა არ გაითვალიწინებს ოპოზიციის და ექსპერტების ნაწილის მოსაზრებას საპენსიო ფონდის ფულის დარიგებასთან დაკავშირებით.

” ახლა არა აქვს აზრი იმაზე მკითხაობას, თუ რას აპირებს იგი და რას არა. ერთი რამ დიდი ალბათობით არ მოხდება-მიუხედავად საყოველთაო მოწოდებისა ( მათ შორის მასთან მოთანამშრომლე ექსპერტებისა), არ გადაწყვეტს საპენსიო ფონდის ფულის დარიგებას. ეს ალბათ არ მოხდება, ვინაიდან ამას არ ურჩევს სავალუტო ფონდი, არ ურჩევს სავსებით სამართლიანად. ეს არც ჩვენს პარტიას ურჩევია არასდროს, მიუხედავად იმისა, რომ 600 მილიონი ლარია აკუმულირებული მასში და ყველაზე ადვილია მისკენ გაგექცეს თვალი და ხელი.
სავალუტო ფონდის კეთილგანწყობა არ ნიშნავს მხოლოდ დაპირებულ 447 მილიონ დოლარს. მის ირგვლივ ერთიანდებიან დონორი ორგანიზაციები და ქვეყნები და ყველანი მისგან ელოდებიან სიგნალს.

რატომ არის ცუდი საპენსიო ფონდის დაშლა, რომელსაც თავის დროზე ჩვენც ვაკრიტიკებდით?

სანამ ამას მარტივად ავხსნი, აქვე მიდა ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბო: დაგროვებითი საპენსიო სისტემა აუცილებლად უნდა არსებობდეს ქვეყანაში. იგი უნდა იყოს ნებაყოფილებითი, ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება გაწევრიანდეს ან არ გაწევრიანდეს მასში, უნდა ჰქონდეს არჩევანი, ანდოს თავისი დანაზოგი კერძო თუ სახელმწიფო საპენსიო ფონდს”-წერს რომან გოცირიძე.

კითხვაზე, რა აჩვენა ერთადერთი სახელმწიფო ფონდის არსებობის წარსულმა გამოცდილებამ მრავალ ქვეყანაში, რომან გოცირიძის განმარტებით,  მთავარი საფრთხე იყო იმაში, რომ როგორც კი მთავრობას ფინანსურად გაუჭირდებოდა, იწყებდა ამ ფონდის ფულის ხარჯვას ან ზოგჯერ ლიკვიდაციასაც კი, ანუ მთავრობები არ იყო სანდო.

“რას ვხედავთ ახლა საქართველოში? მთავრობას ვუბიძგებთ მოიქცეს ისე, როგორც ამ ფონდის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს – ანუ შეუშვა თაგვი ბეღელში.

იმ ფორმით, რა ფორმითაც საპენსიო ფონდის დაშლას გვთავაზობენ, პირველ რიგში აზარალებს ამ სისტემაში მონაწილე ადამიანს. განვიხილოთ ერთი უმარტივესი მაგალითი: გაქვს 1000 ლარი ხელფასი, წელიწადში 200 ლარი შეიტანე ფონდში, ამდენივე დაგიმატა დამქირავებელმა და კიდევ ერთი ამდენი მთავრობამ, ანუ გაგიხდა 600 ლარი. დავუშვათ, უკვე ფონდში გაქვს დაგროვებული 1500 ლარი, რომელზეც ასევე გერიცხება ყოველწლიურად რაღაც პროცენტი. ახლა გეუბნებიან, რომ მოდით, დავიშალოთ დროებით- წაიღე შენი შეტანილი 500 ლარი, ბიზნესსაც უჭირს, იმანაც თავისი დაიბრუნოს და ბიუჯეტსაც ძალიან სჭირდება ფული ახლა და ისიც სიკეთეში მოიხმარს თავის წილსო. ამის მერე თავიდან დავიწყოთ ფულის დაგროვება და დაველოდოთ უზრუნველ სიბერესო.

ვიცით რამდენი კრიზისი მოხდება სიბერემდე? ვიცით რამდენჯერ გაექცევა ჩვენი დანაზოგისკენ მთავრობებს თვალი? ესაა სახელმწიფო ფონდების ყველაზე სუსტი მხარე და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში გაჩნდებიან მისი ალტერნატივები. ბუნებრივია, 100%-იან გარანტიას ვერც ისინი მოგვცენენ, მაგრამ მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტია.

ახლა კი, ელემენტარულად, ამ ჩვენი 1500 ლარიდან ათას ლარს ართმევენ მასში გაწევრიანებულ ამ კონკრეტულ ადამიანს ეს მის საკეთილდღეოდვე არის ახსნილი.

საპენსიო ფონდებს ( მათ შორის კერძოსაც) რა რისკები და სისუსტეები ახლავს, ეს კარგადაა ცნობილი. არცერთი დადებითი თუ უარყოფითი ზოგადი არგუმენტი ამ წუთას ვერ გამოდგება არსებული ფულის გასანიავებლად. ის შეიძლება სამომავლოდ უკეთესად დაბინავდეს”-წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად